უმრავლესობის წევრის, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, 2020 წელს შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება და პარტიის ხელმძღვანელ ბიძინა ივანიშვილთან სწორედ ამ საკითხზე შეთანხმდნენ.
„ჩვენი გუშინდელი შეთანხმება ლიდერთან დღეს გავაცანით უმრავლესობას. უმრავლესობაშიც ის შეთანხმება შედგა, რაც გუშინ. მაჟორიტარები 2020 წლის სისტემის შეცვლას არ შევეხებით და დარჩება შერეული სისტემა ისე, როგორც არის დღეს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, პარალელურად მაჟორიტარები გააგრძელებენ მუშაობას სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებული კანონპროექტის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვების მიზნით.
„ამ კვირას ვაპირებდით, მაგრამ შემდეგ კვირას საინიციატივო ჯგუფთან ერთად დავარეგისტრირებთ უფრო მეტად დახვეწილ კანონპროექტს და დავიწყებთ რეგიონებში გასვლას“, - აღნიშნა ხუნდაძემ.
რაც შეეხება ხალხის გამოკითხვას, ხუნდაძე ამბობს, რომ რეფერენდუმი ან პლებისციტი შესაძლოა, 2020 წელს, არჩევნების დროს ჩატარდეს.
„რაც შეეხება ხალხის გამოკითხვას, რეფერენდუმს ან პლებისციტს, ან 2020 წელს არჩევნებთან დავამთხვევთ, რომ ზედმეტი ხარჯი არ იყოს, შეიძლება, ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნებზე, 2020-2021-ში. ხალხის დამოკიდებულებაც გვეცოდინება და იმის მიხედვით გავაგრძელებთ მუშაობას. დავარეგისტრირებთ კანონპროექტს წმინდად მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით. შემდეგ ის გადაეცემა საპროცედურო კომიტეტს, სადაც განიხილება და უკვე ფორმებს მოგვცემენ, რითაც რეგიონებში გავალთ, 200 ათას ხელმოწერას მოვაგროვებთ, ხალხთან ვიმუშავებთ, რომ სრულად მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით 2024 წლის არჩევნებისთვის მოვემზადოთ“, - განაცხადა ხუნდაძემ.
ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პიკეტირების საკითხზე კი ხუნდაძე აცხადებს, რომ უმჯობესია, ოპოზიცია არჩევნებისთვის მოემზადოს.
„სჯობს, ოპოზიცია მოემზადოს არჩევნებისთვის. გამოხატვის თავისუფლება არის დაცული, შეუძლიათ გამოხატონ, მაგრამ თუ კანონს დაარღვევენ, კანონი გასცემთ მათ პასუხს“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.