„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები/მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გათავისუფლებულია. პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვას კანონის მოთხოვნები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 28 პირი.
სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სამმა მოქალაქემ. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.