შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის გაცხადებით, პოლიციის მიერ აქციაზე დაკავებული 28 პირიდან ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ადმინისტრაციული კოდექსით 28 პირი იყო დაკავებული, თუმცა, ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს სირაძემ, რომელიც პარლამენტთან იმყოფება.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ის მიზეზიც განმარტა, რის გამოც სამართალდამცავები პარლამენტთან ამ დრომდე იმყოფებიან.
„გამომდინარე იქიდან, რომ აქციის მონაწილეთა მხრიდან ხდება პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, ასევე პროვოკაციები და ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვა, შესაბამისად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია და უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ასევე უზრუნველყოფს დეპუტატებისა თუ მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილებას“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
ამასთან, სირაძის თქმით, ვიდრე აქციის დაშლა დაიწყებოდა, აქტივისტებმა პოლიციისგან შესაბამისი გაფრთხილება მიიღეს.
„დაიწყო საპროტესტო აქცია, რომელიც გადაიზარდა კანონდარღვევაში, ვინაიდან ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა მოახდინა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება და ბლოკირება. შესაბამისად, პოლიციის წარმომადგენლები, მერიის წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ მათთან და გონივრული ვადა მისცეს, რომ თავიანთი პროტესტი მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ, ასევე გადასულიყვნენ უსაფრთხო ადგილას, არ დაეკეტათ სავალი ნაწილი და გაეხსნათ პარლამენტის შესასვლელები. მათ მიეცათ გონივრული დრო, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. ამის შემდეგ მეორედ მივედით პოლიციის წარმომადგენლები და მოვუწოდეთ, რომ გადასულიყვნენ და მშვიდ ვითარებაში გაეგრძელებინათ პროტესტი, რაზეც კვლავ გააგრძელეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, პოლიციური ძალები გამოვიდნენ და აღნიშნული პირები რუსთაველის გამზირზე ჩამოიყვანეს, ყოველგვარი ძალადობის გარეშე. ძალიან მშვიდ ვითარებაში ჩამოვიყვანეთ“, - განაცხადა სირაძემ.