გლობალურ ენერგოგარემოზე, მის ზეგავლენასა და გლობალიზაციის არსებულ ტენდენციებზე ექსპერტები, მეცნიერები და პოლიტიკოსები თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ენერგეტიკული უსაფრთხოების კონფერენციაზე მსჯელობენ. კონფერენციას- „ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმი 2016: ენერგოუსაფრთხოება - ძველი და ახალი გეოპოლიტიკური პარადიგმა", საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელსაც მოდერატორობას უწევდა საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრის ენერგეტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების პროგრამის მკვლევარი ედუარდ ჩოუ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, მიმდინარე და დაგეგმილ ენერგეტიკულ პროექტებზე, საქართველოს სატრანზიტო როლზე, ქვეყნის სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, „აბრეშუმის სარტყელის" მნიშვნელობაზე.
„სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ აღვნიშნეთ პირველი ტრანზიტული პროექტის განხორციელების 20 წლის იუბილე, რომელიც გახლდათ „ბაქო-სუფსას" მილსადენი და ის იყო პირველი მილსადენი, რომელმაც საქართველო ენერგეტიკულ რუკაზე დასვა.
ამის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი," „სამხრეთ კავკასიის გაზსადენი," „შაჰ-დენიზის" პროექტი, რომლითაც დამატებითი გაზი შემოდის მილსადენში. ეს მთლიანობაში 45 მილიარდი დოლარის ენერგეტიკული პროექტია, საიდანაც 2 მილიარდი პირდაპირ საქართველოში ინვესტირდება," - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. მისი თქმით, აზერბაიჯანი, ენერგორესურსების მიწოდების თვალსაზრისით, საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია. პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ენერგოუსაფრთხოების კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
„ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ეს არის პარტნიორობა, რომელიც გრძელდება 25 წელი, მას შემდეგ საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა. ამიტომ ისეთი სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში, როგორიც არის „ბაქო-სუფსა", „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი," „ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი" დიდია წვლილი აშშ-ს დახმარებისა. ამერიკა რეგიონალურად უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, ჩვენს რეგიონს გააჩნია გაყინული პროექტები, არსებობს ტერორიზმის საფრთხეები და, შესაბამისად, ამ საფრთხეების შერბილება და მასთან ბრძოლა შეუძლებელია ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე", - აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველომ დაამტკიცა, რომ ის არის სტაბილური პარტნიორი დასავლეთისთვის და არის კარგი ბაზა იმისთვის, რომ მოხდეს თანამშრომლობის გაფართოება აღმოსავლეთის ქვეყნებისა დასავლეთთან. კონფერენციის განიხილვის თემაა საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების - აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის როლი გლობალურ ენერგოპროცესებში. საუბარი შეეხება ევროკავშირისა და დასავლეთის ქვეყნების შესაძლებლობებს- ხელი შეუწყონ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლისა და ფუნქციის გაზრდას და სხვა ქვეყნებთან მისი შედარებითი უპირატესობის გაძლიერებას. ღონისძიებას, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), კონრად ადენაუერის ფონდისა (KAS) და თბილისში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით იმართება, მაკ-კეინის ინსტიტუტის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულების დირექტორი დევიდ კრამერი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, თურქეთის ელჩი საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ესწრებიან. კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მეცნიერები და ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან.