ავტორი ანა ნონიკაშვილი
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური მდივანმა გიგლა ბარამიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. ბარამიძის განცხადებით, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" გაერთიანებას არ აპირებს არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან და არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. საარჩევნო სიაში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" მე-3 ნომრით იქნება წარმოდგენილი.
„მოსახლეობას ოფიციალურად წარვუდგებით განახლებული პროგრამით. საარჩევნო სიაში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ნომერი არის 3. არ ვაპირებთ გაერთიანებას რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, არჩევნებში მივიღებთ დამოუკიდებლად მონაწილეობას. თვითკმარი პოლიტიკური ძალა ვართ. გვაქვს სერიოზული წარმატების იმედი და მიგვაჩნია, რომ ჩვენი წარმატება ქვეყნის წარმატება იქნება. საკმაოდ მძიმე წინასაარჩევნო გარემოა შექმნილი, რადგან არ შეიცვალა საარჩევნო სისტემა, რასაც მოვითხოვდით",- განაცხადა ბარამიძემ.