logo_geo
eng_logo
საქართველო-ჩეხეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს
- +

26 ნოემბერი. 2019. 20:47

 

 

 26 ნოემბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, საქართველო-ჩეხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-5 სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ჩეხეთის მხრიდან მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მარტინა ტაუბეროვა გაუძღვნენ.

 

მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში ასევე მონაწილეოება მიიღეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილმა.

 

კომიტეტის სხდომაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩეხეთს შორის თანამშრომლობას ენერგეტიკის, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების მიმართულებით. თავის გამოსვლაში გენადი არველაძემ აქცენტი გააკეთა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. მისი განცხადებით, ქართული მხარე მზადაა, ითანამშრომლოს ჩეხეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ქვეყნებს შორის DCFTA-ის ფარგლებში მიღწეული სიკეთეების მაქსიმალურად გამოყენების მიმართულებით.

 

კომისიის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს და დასახეს კონკრეტული წინადადებები და ნაბიჯები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, მათ შორის ჩეხეთის ბაზარზე ქართული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის გაზრდის, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის კონტაქტების ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.

 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. ამასთან, ჩეხეთიდან საქართველოში მზარდი ტურისტული ნაკადებისა და მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კომისიის ფარგლებში სსიპ საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გამართეს პრეზენტაცია ჩეხური ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ქართული პროდუქციის, კერძოდ, ღვინის, თხილის, თაფლის და აკვაკულტურის პროდუქტების ჩეხეთის ბაზარზე წარმოდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც ხატია წილოსანმა აღნიშნა, ქართული პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ამასთან, მას ნიშურ ბაზარზე სათანადო ადგილის დამიკვიდრების კარგი შესაძლებლობა აქვს.

 

სხდომაზე აღინიშნა, რომ  ჩეხურ მხარესთან თანამშრომლობით საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხარისხის მართვის სისტემა დაინერგა, მხარეები კი აგრძელებენ მუშაობას თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსასაზღვრად. ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით, ჩეხეთის განვითარების სააგენტო კვლავ აგრძელებს მნიშვნელოვანი კონტრიბუციის განხორციელებას დაცული ტერიტორიების  ინფრასტურქუტურული პროექტების კუთხით.

 

ალესანდრე ხვთისიაშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ჩეხეთის რესპუბლიკაში  საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების მნიშვნელობაზე. როგორც მან აღნიშნა, მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ კვალიფიციური მუშახელის ჩეხეთის ბაზარზე ლეგალურად დასაქმების საკითხთან დაკავშირებით და ამ კუთხით საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე.

 

კომისიის სხდომის მიმდინარეობისას ორივე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული თბილი და მეგობრული ურთიერთობები მყარი საფუძველია  ეკონომიკური კავშირების ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანის კუთხით. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გაგრძელდეს ურთიერთსასარგებლო პარტნიორობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავება/დივერსიფიცირებას, ასევე ინვესტიციებისა და ვაჭრობის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის საუბარი შეეხება ბიზნესმისიების და ფორუმების გააქტიურებას.

 

სხდომის მიმდინარეობისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს Czech trade-ის რეგიონალური წარმომადგენლობის გახსნის მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოდან დაფარავს რეგიონს და ხელს შეუწყობს ბიზნესკავშირების გაძლიერებას და ვაჭრობის ზრდას.

 

საქართველო-ჩეხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მონაწილე მხარეებმა ხელი მოაწერეს სხდომის ოქმს, რომელშიც აისახა საქართველო-ჩეხეთს შორის მიმდინარე ნაყოფიერი თანამშრომლობა ისეთ მნიშვნელოვან დარგებში როგორიც არის ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კომუნიკაციები, სოფლის მეურნეობა, გარემოსდაცვა, ტურიზმი და სხვა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner