logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: თბილისის ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე გადატანა 3-4 წელიწადში სრულად მოხდება
- +

9 ივნისი. 2016. 14:23


თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს, თბილისის ზოოპარკის აღდგენითი სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განუცხადა, რომ თბილისის ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე გადატანა 3-4 წელიწადში სრულად მოხდება.


ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე, მიმდინარეობს ახალი ვოლიერების მშენებლობა და დაზიანებულების აღდგენა.



13 ივნისის სტიქიის შედეგად, ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაზიანდა როგორც ზოოპარკის ინვენტარი, ასევე დაიღუპა და დაიკარგა 280-ზე მეტი ერთეული ცხოველი. ჩვენ შესაბამის სამსახურებთან ერთად, სწრაფად დავიწყეთ ზოოპარკის ტერიტორიის გაწმენდა. ძალიან დიდი ნატანი მასალა იქნა გატანილი ზოოპარკის ტერიტორიიდან, რის შემდეგაც დავიწყეთ დაზიანებული ვოლიერების აღდგენა და ახალი ვოლიერების მშენებლობა, დავაბინავეთ სტიქიას გადარჩენილი ცხოველები. გარდა ამისა, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ზოოპარკები გვეხმარებიან და ეტაპობრივად ჩამოდის ცხოველები, ფრინველები, რომლებიც ავსებენ ზოოპარკს.

თბილისის ზოოპარკი აღნიშნულ ტერიტორიაზე იქამდე დარჩება, სანამ არ მოხდება ახალი ზოოპარკის ტერიტორიის განვითარება. მოსამზადებელი სამუშაოები ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს დავიწყეთ. მთლიანად შემოიღობა ახალი ზოოპარკის ტერიტორიის 48 ჰექტარი, გაკეთდა კავკასიური ჯიშის ძაღლებისთვის სპეციალური ძაღლსაშენი, წელს მიმდინარეობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, დამატებითი ვოლიერების მშენებლობა დათვებისა და მგლებისთვის. ასევე მიმდინარეობს პროექტირება სამომავლოდ ვოლიერების მშენებლობასთან დაკავშირებით, რათა ეტაპობრივად მოვახდინოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანა, ეს ტერიტორია კი განვავითაროთ როგორც სარეკრეაციო სივრცე. ვფიქრობთ, მინიმუმ 3 წელი მაინც დაჭირდება ზოოპარკის გადატანას, რადგან მოითხოვს საკმაოდ დიდ რესურს და დროს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



დავით ნარმანიას ინფორმაციით, ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე გამწვანების ღონისძიებები უკვე დაწყებულია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner