„ვფიქრობ, შეცდომა იყო ის, რომ 2008 წელს NATO-მ საქართველო და უკრაინა თავის რიგებში არ მიიღო. NATO-ს რომ მაშინ საქართველო მიეღო, პუტინის გეგმები დღეს სულ სხვაგვარი ექნებოდა", - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლთა პალატის წევრმა, დემოკრატმა ელიოტ ენჯელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კონგრესმენის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გმობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, ვინაიდან სადავო საკითხები აგრესიით არ უნდა წყდებოდეს. ამასთან, საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა და დემოკრატიის მშენებლობა იმისათვის, რომ NATO-ს სრულუფლებიანი წევრი გახდეს.
როგორც ელიოტ ენჯელმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები უკვე 25 წელია, რაც აქტიურად ეხმარება საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლასა და დემოკრატიის მშენებლობაში.
„25 წლის წინ საქართველო არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ასე რომ, ქართველმა ხალხმა უკვე იცის, თუ რას ნიშნავს, იყო თავისუფალი და ასევე ისიც, თუ რას ნიშნავს, არ იყო თავისუფალი. მაგრამ ქართველმა ხალხმა აირჩია თავისუფლება და ის ყველაფერზე მაღლა დააყენა", - განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა.