საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-ს მიმართავს და ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მოთხოვნას გაწევრიანებასთან დაკავშირებით ეხმაურება. სფფ დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო სწორ სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის მედიასაშუალებებით ცნობილი გახდა, რომ არაღიარებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა აპირებს, გაწევრიანების თხოვნით მიმართოს ფიფა-ს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოგმართავთ თხოვნით, წინამდებარე წერილში აღნიშნული ინფორმაცია მიიღოთ ცნობად, ამასთან ერთად აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, როგორც ფიფა-ს და უეფა-ს სრულუფლებიანი წევრი ორგანიზაცია, დარწმუნებულია, რომ თუ არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები მიმართავენ ფიფა-ს წევრობის სტატუსის მოთხოვნით, მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანო მოახდენს სწორ სამართლებრივ რეაგირებას.
2016 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში დე-ფაქტო ხელისუფლების პირობებში, ფიფა-სგან და უეფა-სგან დამოუკიდებლად გაიმართა „CONIFA" ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობა მიიღეს არაღიარებულმა სახელმწიფოებმა.
ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჰქონდა კომუნიკაცია ფიფა-სთან. ჩვენთვის ცნობილია თქვენი პოზიცია ჩემპიონატთან დაკავშირებით, რომელიც არც ფიფა-ს და არც უეფა-ს ეგიდით არ იმართება. ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ გვსურს დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ემიჯნება ფიფა-ს და უეფა-ს სამართლებრივი სივრცის საწინააღმდეგო ქმედებებს და ამასთან ერთად, წუხილს გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიაზე იმ პროცესების არსებობაზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოა", - აცხადებენ სფფ-ში.