საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 70%-იანი ალბათობით, საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციას ახლა მიიღებს, თუმცა 100%-იანი ალბათობით, ეს წლის ბოლოს მოხდება.
„მე ვფიქრობ, არადამსახურებულად საქართველო მოექცა ბევრი იმ პრობლემის ცენტრში, რაც ევროპას ბოლო დროს გადახდა. თურქეთს და კოსოვოსაც უნდათ ვიზა-ლიბერალიზაცია. საქართველომ განუხრელად შეასრულა ყველა პუნქტი, რომ მიიღოს ვიზა-ლიბერალიზაცია. აქაც უნდა მოვითმინოთ, ვერ მივიღებთ უახლოეს დროში, მივიღებთ სექტემბერში, მაგრამ მოლოდინი უნდა დაგვრჩეს და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, იქნებ როგორმე მოხერხდეს უახლოეს დროში ვიზა-ლიბერალიზაციის მიღება. ევროკავშირის ელჩთან მქონდა შეხვედრა ერთი თვის წინ. თუ გნებავთ, მის სიტყვებსაც გეტყვით, 70%-იანი ალბათობით შეგვიძლია ახლა მივიღოთ, მაგრამ 100%-იანი ალბათობით მივიღებთ წლის ბოლოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ექს-პრემიერის განცხადებით, ეს არა საქართველოს მთავრობის, არამედ ევროპის შიგნით არსებული პრობლემებით არის გამოწვეული.