„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო საღამო და გალა ვახშამი გაიმართა.
ტრადიციულად მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა.
საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე დასახელდა.
XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში გამოვლენილი, გამარჯვებული კომპანია და გრან პრის მფლობელი „ჯორჯიან პროდაქტსი“ გახდა.
„მნიშვნელოვანი და მოულოდნელი გამარჯვება იყო. რა თქმა უნდა, ეს ბიზნეს კოლეგების მხრიდან ძალიან დიდი აღიარებაა. ეს ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა ქართულ ბიზნესში. საიუბილეო მეოცე წელია უკვე და თვითონ ეს წლებიც აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს, „ჯორჯიან თაიმსაა და „გორბს“ პატიოსანი არჩევნებისთვის,“- განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში „ჯორჯიან პროდაქტსის“ დამფუძნებელმა დავით ბარდაველიძემ.
შეგახსენებთ,რომ მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“, ბიზნესრეიტინგს 1995 წლიდან ატარებს.