„დღევანდელი დღიდან ხელმისაწვდომი იქნება არანაკლებ 100 საინვესტიციო პროექტი, რომელსაც შემოგვთავაზებს სახელმწიფო, იმისთვის, რომ ბიზნესმა უფრო ეფექტიანად შეძლოს ოპერირება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრი დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მართავს პროექტის პრეზენტაციას – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ დაესწრო. გიორგი გახარიამ ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა.
„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არაერთხელ გვითქვამს, არის სამუშაო ადგილების რაოდენობა, განათლება, უსაფრთხოება და, რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთად უნდა გვაძლევდეს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. სხვათაშორის, ოქტომბერში ჩვენ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ზოგიერთი კოლეგის ხულიგნობისა, ეკონომიკური ზრდა გვქონდა 5,7 პროცენტი, 10 თვის მასშტაბით ჩვენ გვქონდა ზრდა 5,1 პროცენტი. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ჩვენს ეკონომიკას სჭირდება უფრო მეტად სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სწორედ ამიტომ გადავდგით ჩვენ ეს ნაბიჯი და სწორედ ამიტომ, ყველა აქტივი, განსაკუთრებით სახელმწიფო საკუთრებაში რომელიც არის, რომელიც არ არის სრულად ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაცოცხლოთ, რათა მივცეთ ბიზნესს საშუალება, უფრო ძლიერად ოპერირებდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია ძლიერი ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა სრულად არის დამოკიდებული კერძო სექტორზე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ძირითადი კომპონენტი არის კერძო ბიზნესი და მთავრობას სრულად აქვს გააზრებული მისი ფუნქცია, შეუქმნას კომფორტული ხელსაყრელი გარემო იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს უფრო ძლიერი, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი, ჰქონდეს უფრო მეტი მოგება და უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო ქონების პროაქტიური პრივატიზება დაიწყო. პროექტი 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებას და სახელმწიფო ქონების გამარტივებული პროცედურებით პრივატიზებას ითვალისწინებს.