ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე, ამერიკელი ხალხისა და შეერთებული შტატების მთავრობის სახელით, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტონი ბლინკენმა მიულოცა.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ის მრავალწლიან მეგობრობას, რაც დემოკრატიის საერთო ფასეულობებსა და თავისუფლებისათვის ბრძოლის საერთო იდეალებს ეფუძნება.
ტონი ბლინკენის განცხადებით, საკუთარი ძალისხმევით, საქართველო ათწლეულებზე მეტია პროგრესისა და განვითარების მაგალითს წარმოადგენს რეგიონში. ამის დასტურად მან მოიყვანა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება, რაც განვითარების დამატებით შესაძლებლობებს აძლევს ქართველ ხალხს. ტონი ბლინკენმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს გეოსტრატეგიულ მდებარეობას.
„თქვენი სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზასაყარზე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენი ახალი აბრეშუმის გზის პოლიტიკისათვის. შეერთებული შტატები მყარად უჭერს მხარს საქართველოს რეგიონალურ ლიდერობას ტრანსკასპიური დერეფნით ევროპული და აზიური ბაზრების დასაკავშირებლად. ვაჭრობისა და ენერგეტიკის მიმართულებითაც საქართველო უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ევრაზიის მასშტაბით ვაჭრობის დივერსიფიკაციის პროცესში.
ვიცით, რომ მსგავსი ჩართულობა ვერ იქნება სიცოცხლისუნარიანი, თუ მოკლებულია თავისუფლების, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის საფუძველს. დღეს საქართველო აგრძელებს დემოკრატიის მაგალითად წარმოჩენას მთელი რეგიონისათვის. ეს ფაქტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს უწევს რუსეთის ოკუპაციისა და ბორდერიზაციის რეალობასთან მუდმივი გამკლავება. შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს კიდევ ერთ შესაძლებლობას იმისათვის, რომ საქართველომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, ისევე როგორც ფართო სამეზობლოს, დაანახოს რომ დემოკრატია, ღიაობა და ტოლერანტობა არის საზოგადოებისათვის მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის საუკეთესო გარანტი. მსოფლიო თვალს გადევნებთ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მის მიმართ არსებულ მოლოდინს გაამართლებს", - განაცხადა ბლინკენმა.
მან კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა.
„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, როდესაც საქართველო კვლავ გაერთიანდება, რადგან არჩევანი საქართველოს მომავლის შესახებ უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ, და არავინ სხვამ. და ეს ცალსახად ასეა. ჩვენ მყარად ვდგავართ ბუქარესტში გაკეთებული დანაპირების უკან, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, და ჩვენ კვლავ უცილობლად განვაგრძობთ საქართველოს მკაფიო მხარდაჭერას. როდესაც დღის წესრიგში დადგა 21-ე საუკუნის გამოწვევებზე პასუხის გაცემის საკითხი, საქართველოს არასოდეს უორჭოფია. საქართველო ღირსეულად განაგრძობს ყველაზე დიდი კონტრიბუტორების სამეულში აშშ-სა და გერმანიასთან ერთად სამსახურს ავღანეთში. საქართველოს ეს ღვაწლი განსაკუთრებულია და შესაბამისად საქართველო იმსახურებს ასევე განსაკუთრებულ შეფასებას. მე ვემხრობი სენატორ კოტონის მშვენიერ სიტყვებს და პატივს მივაგებ ქართველი ჯარისკაცების მსხვერპლს ავღანეთში, სადაც გმირულად იბრძოდნენ ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ ჰელმანის პროვინციაში. მათ მადლობას ვუხდი იმ ღვაწლის გამო, რამაც ჩვენი სამყარო ცოტათი უფრო უსაფრთხო გახადა",- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ბლინკენმა.
მან ხაზი გაუსვა ქართველი და ამერიკელი ხალხის ურყევ მეგობრობას და წარმატება უსურვა საქართველოს მისი შემდგომი განვითარების გზაზე.
„წელს მსოფლიო მასშტაბით არჩეული მხოლოდ ათ ახალგაზრდა ლიდერთაგან ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალბატონი იყო თბილისიდან, რომელიც საზოგადოების სასიკეთოდ გაღებული მნიშვნელოვანი წვლილისთვის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააჯილდოვა. როდესაც საქართველოს ბოლო 25 წლის მიღწევებს გადავავლებთ თვალს, მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ახალგაზრდები გაუძღვებიან შემდეგ 25 წელს და ბევრად მეტსაც.
ამერიკელი ხალხის სახელით გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს ამ ღირსშესანიშნავ დღეს",-განაცხადა ბლინკენმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება ვაშინგტონში, აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. მიღებას 900-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. საქართველოს მხრიდან ღონისძიებას მასპინძლობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგშიძე. აშშ-ის მხრიდან ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტონი ბლინკენმა, თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ ელისა სლოტკინმა და აშშ-ის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გეილ სმითმა.