ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე - „ნაციონალური მოძრაობა" და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი საუბრობენ იმაზე, რომ „რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესები ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის, განაცხადა, რომ არაადეკვატურია მათი განცხადება.
„მიმაჩნია, რომ არაადეკვატურია მათი განცხადება, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს. მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა" შეჩვეულია წლების განმავლობაში, რომ სიცრუეში აცხოვროს საზოგადოება. ასე გრძელდება ახლაც და ამაში საოცრება არაფერია. „ნაციონალურმა მოძრაობამ" როგორც პარტიამ, ძველებმაც და ახლებმაც, კეთილი უნდა ინებონ და პატივი სცენ კანონმდებლობას. ახლა რაღაც კანონი არ მოსწონთ და აირჩიეს ახალი აქცია, სასამართლოს საჯაროდ ტელევიზიით განიხილავენ და ამით მის განადგურებას ცდილობენ. „ნაციონალური მოძრაობა" ამას ვერ მოახერხებს ისე, როგორც ვერ მოახერხა პროკურატურის და პოლიციის შემთხვევაში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რეპლიკას, რომ ნიკა გვარამია საუბრობს ამაზე, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ „გვარამია ხომ არის სიმართლის და ჭეშმარიტების ეტალონი". ივანიშვილმა „იმედის" დარბევა გაიხსენა და აღნიშნა, რომ როცა ჟურნალისტები მიწაზე იყვნენ გართხმული, სწორედ ნიკა გვარამია იყო პროკურორის მოადგილე. „დღეს გახდა გვარამია ჭეშმარიტების ბოლო სიმბოლო?"