შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 2 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1962 წელს დაბადებული კ.ხ. და 1979 წელს დაბადებული მ. ჰ. დააკავეს.
მათ ბრალი, ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობაში ედებათ. დანაშაული 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულში, სხვადასხვა დროს, 4 საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. პოლიციამ მოპარული ნივთების დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა კ.ხ. - მ მარნეულში კიდევ 3 სახლი გაქურდა.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში არაერთგზის უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ „ბ“ „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.