ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს, სამინისტროში ბრიფინგზე განაცხადა, რომ C ჰეპატიტისგან განკურნების მსურველ ახალ პაციენტებს დღეიდან პრეპარატ „ჰარვონით" მკურნალობას შესთავაზებენ.
მისი განცხადებით, C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი გენერაციის პრეპარატი უკვე საქართველოშია. მინისტრმა საუბრისას განმარტა, რით არის უკეთესი იგი, C ჰეპატიტის მკურნალობისათვის გამოყენებულ სხვა პრეპარატებთან შედარებით. „ჰარვონი" არის ორი პრეპარატის „სოფოსბუვირისა" და „ლედიპასვირის" კომბინაცია, რომელიც კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.
„განსხვავებით „სოფოსბუვირისგან" (რომლითაც 7 000-მდე პაციენტს მკურნალობა უტარდება), გამონაკლისი შემთხვევების გარდა, „ჰარვონის" მიღებისას ავადმყოფებს სხვა მედიკამენტებთან ერთად კომბინირებული მკურნალობა ნაკლებად ესაჭიროებათ. შემცირებულია იმ მედიკამენტების რაოდენობაც, რომელიც კომბინირებული მკურნალობის დროს გამოიყენება. პრეპარატი „ჰარვონი" ნაკლები გვერდითი მოვლენებით გამოირჩევა და პაციენტთა გამოჯანმრთელების პროცენტი მაღალია.
C ჰეპატიტის ილუმინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობაში 7 000-მდე პაციენტია ჩართული, მათგან 3 000-ზე მეტმა მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა. 90%-ის შემთხვევაში C ჰეპატიტის ვირუსი დამარცხდა, 3%-ის შემთხვევაში აღინიშნა გვერდითი მოვლენები, ხოლო გარდაცვალების შემთხვევები 1,6%-ს შეადგენს. ახალ პაციენტებს, რომლებიც უკვე ჩაერთვებიან C ჰეპატიტის განკურნების პროგრამაში, შესთავაზებენ პრეპარატ „ჰარვონით" მკურნალობას. ხოლო იმ პაციენტებმა, რომლებიც უკვე მკურნალობენ „სოვალდით",არ უნდა შეწყვიტონ თვითნებურად მკურნალობა იმ იმედით, რომ მათ „ჰარვონით" მკურნალობის პროგრამაში ჩასვამენ.
პრეპარატ „ჰარვონის" პირველი პარტია, 2 000 ფლაკონი, საქართველოში უკვე შემოტანილია. ერთი წლის განმავლობაში პაციენტების მკურნალობისათვის 20 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისი თქმით, წლის ბოლომდე C ჰეპატიტის განკურნების პროგრამაში 20 000-მდე პაციენტის ჩართვა მოხდება. მინისტრის განცხადებით, ბოლო კვლევებით საქართველოში, სავარაუდოდ, ჰეპატიტით 160 000 ადამიანია დაავადებული.