logo_geo
eng_logo
ვახტანგ ჭარაია TANAP-ზე: საქართველო იღებს გაზრდილ ენერგოუსაფრთხოებას, იმტკიცებს დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორის სტატუსს
- +

1 დეკემბერი. 2019. 17:33

 

„შესაბამისი აღნიშვნის გარეშე ჩაიარა TANAP-ის პროექტის ამუშავებამ, რომლის სრულფასოვანი ამოქმედებისათვის შესაბამის სამუშაოებს ბოლო 7 წლის განმავლობაში ერთობლივი ძალებით: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ევროკავშირი ახორციელებდნენ, ძირითადად ამ უკანასკნელის ენერგოდივერსიფიცირების კონტექსტში“, - ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.

 

ჭარაია პროექტის ამოქმედებით მიღებულ სიკეთეებზე საუბრობს.

 

„ევროკავშირისთვის კარგი სამსახურის გაწევის გარდა, არ უნდა გამოგვრჩეს, რომ TANAP-ის ამოქმედებით:

 

- 2023 წლისთვის საქართველოს მიერ მიღებული უფასო ბუნებრივი აირის მოცემულობა დღევანდელთან შედარებით პრაქტიკულად 5-მაგდება, მათ შორის მხოლოდ TANAP-ის გზით (23 მილიარდი კუბური მეტრის გატარებისთვის) საქართველო მიიღებს - 1.15 მილიარდ კუბურ მეტრს, დღევანდელი მოხმარების დაახლოებით ნახევარს; 2026 წლისთვის მაჩვენებელი1.5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება (31 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებისთვის); საბოლოოდ კი დაგეგმილია TANAP-ის გამტარუნარიანობის 60 მილიარდ კუბურ მეტრამდე აყვანა, რაც საქართველოსთვის 3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის უსასყიდლოდ გადმოცემას გულისხმობს, საქართველოს დღევანდელ მოხმარებაზე - 1.4-ჯერ მეტს.

 

ცნობისთვის, დღეისთვის საქართველო ტრანზიტის სანაცვლოდ დაახლოებით 300 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს იღებს უსასყიდლოდ, პლუს მონეტარული ფორმით სომხეთში გატარებული ტრანზიტის 10%-ის ეკვივალენტს (დაახლოებით 130 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ღირებულებას). 2018 წლის მონაცემებით საქართველომ 2.2 მილიარდი მეტრკუბი ბუნებრივი აირი მოიხმარა, მათ შორის:

საყოფაცხოვრებო დანიშნულების - 851 მილიონი; თბოელექტროსადგურებმა - 489 მილიონი; ავტოგასამართმა სადგურებმა- 229 მილიონი, დანარჩენი კი - არასაყოფაცხოვრებო სექტორის წილია.

 

რაც შეეხება მომწოდებლებს: 97% აზერბაიჯანზე მოდის (უსასყიდლო გაზის ჩათვლით), უმნიშვნელოა რუსეთის (1.7%) და ადგილობრივი მოპოვების წილი (0.4%).

 

დასკვნა: საქართველო იღებს გაზრდილ ენერგოუსაფრთხოებას; საქართველო იღებს გაზრდილ ეკონომიკურ უსაფრთხოებას; საქართველო იმტკიცებს დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორის სტატუსს“, - წერს ვახტანგ ჭარაია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner