ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
მაგრად სდექ, პაატა!
*************************
აუღელვებლად შეუძლებელია გაეცნო პაატა ბურჭულაძის მიმართვას.
ჰოდა, მის პასუხად და საზოგადოების, ასევე, მმართველი ძალის (რომელსაც მხარს ვუჭერ) გასაგონად ვიტყვი:
ყველაფერი იქნება კარგად! ეს კონცერტიც და სხვა მრავალიც - ჩატარდება ოვაციებით, „იავნანა“ კვლავაც გააგრძელებს ნაყოფიერ საქმიანობას!
დღემდე არსებული გაუგებრობა და მისგან გამომდინარე „აბდა-უბდა“ გაირკვევა, დალაგდება, ორივე მხარიდან დაშვებული შეცდომები (შეგნებული თუ ცილისმწამებლური, შურიანების ჩაფიქრებული თუ გამოუცდელობით მომხდარი) გამოსწორდება და საბოლოოდ არავითარი ლაქა არ მოეცხება „იავნანას“ დიდებულ იდეას და მის სულისჩამდგმელს.
პაატა - ჩემო ორმოცი წლის მეგობარო და ტელე-კოლეგავ, კვლავაც აკეთე შენი საქმე ისე, როგორც ეკადრება მსოფლიო ბანს და ერთადერთს ქართველ ხელოვანთა თაობიდან, ვისაც პატივი ერგო ატაროს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრის წოდება.
იმ „სიბინძურეს“ კი, რომელსაც დღევანდელ „ქართულ პოლიტიკას“ უწოდებენ და რომლის შუაგულშიც ყველას გასაკვირად მოხვდი შენი გულწრფელობით და, ცოტა არ იყოს, მიამიტობით, მიხედავენ მასში „გამობრძმედილი“, მუდმივად „მოცურავე“ და „მოტივტივე“ ტიპები, რომლებიც, მეჩვენება, რომ ცდილობენ, გამოიყენონ შენი, შენნაირი ავტორიტეტული ადამიანების სახელი და გამოუცდელი, სუფთა, ალალი ახალგაზრდების გულწრფელი პატრიოტული გრძნობები, რა თქმა უნდა, თავიანთი(!) მიზნების განსახორციელებლად.
(ეს ცალკე თემაა.)
საქართველოს პროკურატურისგან კი საზოგადოებამ უნდა პრინციპულად მოითხოვოს დროულად და საბოლოოდ დაუსვას წერტილი ჯერ კიდევ ჭკუათხელი შოთაძის და მისი „რაზმის“ მიერ საეჭვო რეპუტაციის მქონე ტიპაჟის „გამიზნული დასმენით“ დაწყებულ ე.წ. „საქმეს“.
ეს „საქმე“, ალბათ, ერთერთია, რომელიც აგებულია ნაწილობრივ ჭორებზე, ზოგჯერ, უნებლიედ(!) დაშვებულ ბუღალტრულ შეცდომებზე, შემდგომ კი გაგრძელებულ - „გასერიოზებული“ და გახმაურებულია აშკარად, პრიმიტიულ -მლიქვნელური „მოტივაციით“, შეფერილია პოლიტიკური კონიუნქტურით და საბოლოოდ ჩამოყალიბებულია მასშტაბურ სიბრიყვედ.
ვიმეორებ, პროკურატურის ზოგიერთი გონებაშეზღუდული, ნაღდი თუ „ბლეფი“ დიპლომის მქონე „ბოსის“ მორიგ(!), ბოლომდე გაუაზრებელ - გაუთვლელ აქტიურობას, შეეძლო მოეტანა და მოიტანა კიდეც მხოლოდ უკიდეგანო ზიანი: დამუხრუჭდა უნიკალური საქველმოქმედო პროექტი „იავნანა“, მასთან ერთად შეილახა მისი დამფუძნებლის რეპუტაცია, ბზარი გაუჩნდა ამ უკეთილშობილეს საქმეში მსოფლიო სახელის მქონე ხელოვანთა უანგარო მონაწილეობის პრაქტიკას, დაზარალდა ქვეყნის პრესტიჟი.
ეს არის შედეგი პროკურატურის იმ ფაფხურისა, რომელიც უნდა შეფასდეს როგორც... პოლიტიკურ-ზნეობრივი იდიოტიზმი.
პაატა ბურჭულაძე, ისევე, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი და მით უმეტეს, ხელოვანი, ყოფით ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, უშეცდომო, ფრთიანი ანგელოზი არ არის. ვეებერთელა საქველმოქმედო პროექტის მენეჯმენტი, ბუღალტერია, გადასახადები და ა.შ., საოპერო სცენა არ არის, რომლის ყველა სანტიმეტრი ყმაწვილკაცობიდან ისეთი ნაცნობია, რომ თვალდახუჭული შეუძლია იაროს.
რამდენიმე დღე მოვანდომე „იავნანას“ საქმიანობის შესწავლას, მისი გაკეთებული სიკეთეების გააზრებას და...
მივედი იმ დასკვნამდე, რომ პაატა ბურჭულაძეს და მის გვერდით მდგომ მცირერიცხოვან უერთგულეს და უანგარო გუნდს დააბრალო მამალი კორუმპირებულობა, ფულზე დახარბება, ბავშვებისთვის განკუთვნილი და მათთვის შემოწირული თანხების გაფლანგვა და პირადი მიზნებისთვის მოხმარება, ალბათ, გახლავთ უტვინობა, სიბეცე, ელემენტარული პროვოკაცია, რომლის ჩამფიქრებელ-განმხორციელებლების სამიზნე მსოფლიო ბანი კი არ იყო, არამედ... „ქართული ოცნება“!
ეს ახლა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე თანდათანობით აშკარა ხდება.
ვიმეორებ: პროკურატურის ზერელობამ და სიყეყეჩემ, ცილისმწამებელთა(!!!) პროფესიულმა „ოსტატობამ“, ისევე, როგორც მავანის პოლიტიკურმა გამოუცდელობამ, ხელი შეუწყვეს ბუზიდან სპილოს შექმნის პროცესს, რამაც გარკვეულწილად ზიანი მოუტანა არა მარტო საამაყო პიროვნების რეპუტაციას, არამედ მთელ საზოგადოებას და უწინარესად, ავნო მმართველ ძალას, რომელსაც პროკურატურაში ჯერ კიდევ დარჩენილი „რევანშისტები“ და „პროვოკატორები“ აწვდიდნენ და, ვვარაუდობ რომ დღემდე(!) აწვდიან მცდარ, აშკარად გაზვიადებულ ნეგატიურ ინფორმაციას.
მაგრამ სიმართლე და ობიექტურობა არ დაიკარგება. მოსულია ამ „სეირისთვის“ წერტილის დასმის დრო.
ეჭვიც არ მეპარება, რომ ფონდი „იავნანა“, ანუ, პაატა ბურჭულაძე არამცთუ იყო და არის, არამედ კვლავაც იქნება საქართველოს სიამაყე.
აქვე, გთავაზობთ პაატა ბურჭულაძის Facebook-პოსტს:
ფონდმა „იავნანამ“ ახალი თაობის მუსიკოსებთან ერთად ახალი სიცოცხლე შეიძინა და უამრავი უსამართლობის მიუხედავად, მაინც აგრძელებს თავისი საქმის კეთებას. განსაკუთრებული მადლობა მინდა, ვუთხრა ნიკოლოზ რაჭველს, რომელმაც ეს პატარა ვუნდერკინდი აღმოაჩინა და ჩვენც გაგვაცნო. „იავნანა“ არ მოაკლებს მას მზრუნველობას. რაც მთავარია, კონსერვატორიის დარბაზის დიდ სცენაზე ცოტნე 28 დეკემბერს პირველ სოლო-კონცერტს გამართავს, ყველაფერი ისე გადავაწყვე, რომ ჩამოსვლა მომეხერხებინა, რადგან ამ საღამოს გამოტოვება არ შეიძლება და თქვენც იმავეს გირჩევთ.
უიმედობის უფლება არ აქვს იმ ქვეყანას, სადაც ასეთი ტალანტები იბადებიან, 10 წლის ცოტნე ზედგინიძესთან ერთად გაუმარჯოს ნიჭიერ, კეთილ, სამართლიან, ძლიერ და ერთიან საქართველოს!