თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა თბილისის მერი კახა კალაძე.
მისი შეფასებით, ფესტივალი იძლევა საშუალებას, რომ კინოში მოღვაწე ნიჭიერმა ახალგაზრდებმა თავიანთი შესაძლებლობები სრულყოფილად გამოავლინონ.
"ვმეგობრობ ბევრ მათგანთან და კარგად ვიცი ის პრობლემებიც, რაც მათ აქვთ. სწორედ ამიტომ, თბილისის მერია გვერდით უდგას და მხარს უჭერს ამ ფესტივალის დამფუძნებლებს და ორგანიზატორებს. როგორც ვიცი, პროგრამა წელსაც გამორჩეული და საინტერესოა", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება 100-მდე მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ნამუშევრებს წარმოადგენენ დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან, იტალიიდან, უკრაინიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ბრაზილიიდან, ჩინეთიდან, ირანიდან და სხვ.
ფესტივალის საპატიო სტუმარია მექსიკელი რეჟისორი - კარლოს რეიგადასი - თბილისის მერიის მხარდაჭერით მისი მასტერკლასები 3-4 დეკემბერს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გაიმართება.
ქართული პანორამის ჟიურის წევრები არიან: გერმანელი კინოკრიტიკოსები და კინომცოდნეები - ულრიხ და ერიკა გრეგორები, მექსიკელი პროდიუსერი - ნიკოლას სელისი (ოსკაროსანი ფილმის, ალფონსო კუარონის “რომას” პროდიუსერი) , ბრიტანეთის კინოინსტიტუტის (BFI) კრეატიული დირექტორი - ჰეზერ სტიუარტი და არგენტინელი ჟურნალისტი - პაბლო დე ვიტა.
კინოფესტივალი დღეს გაიხსნა და 8 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.