პროკურორმა გიორგი მიქავამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ ბრალდების მხარე საქმის არსებითი განხილვის პროცესში გამოიკვლევს და წარმოადგენს ყველა მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებს ბრალდებულების მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს.
„ბრალდების მხარე აპირებს, სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოიკვლიოს არაერთი მტკიცებულება, კერძოდ, დოკუმენტური მტკიცებულებები, ეროვნული ბანკის შემოწმების აქტები, მათ შორის მოწმეების ჩვენებები, რომლებიც პირდაპირ დაადასტურებენ ბრალდებულების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ ბანკის კუთვნილი თანხის, კერძოდ, 16 664 000 დოლარის მისაკუთრების ფაქტს და ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს“, - განაცხადა გიორგი მიქავამ.
მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე მიმოიხილავს ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს საქმის ყველა ძირეულ და მნიშვნელოვან გარემოებას.
„დღეს მხარეებს ექნებათ შესავალი სიტყვის წარმოთქმის საშუალება. ბრალდების მხარე მზად არის შესავალი სიტყვისთვის. ჩვენ მოკლედ შევეხებით ბრალდების არსს, თუ რა დანაშაულში ედავებათ აღნიშნულ პირებს პროკურატურა. გარდა ამისა, მიმოვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს საქმის ყველა ძირეულ და მნიშვნელოვან გარემოებას“, - განაცხადა პროკურორმა გიორგი მიქავამ.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000-700 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით).