ამერიკელმა კონგრესმენმა ტედ პომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დატოვოს.
„მივმართავ პუტინს, უნდა დატოვო საქართველო, იქ არაა შენი ადგილი. ეს არის სხვისი ტერიტორიის არალეგალური დაკავება. ძალიან მიყვარს ქართველი ხალხი. თქვენ გჯერათ დამოუკიდებლობის და თავისუფლების. მე საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 1 კვირის თავზე ჩავედი. იქ არალეგალური ოკუპაცია მოხდა და მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ პუტინმა დატოვოს ეს ტერიტორია. რაც შეეხება NATO-ს. საქართველო უკვე აკმაყოფილებს მოთხოვნებს. თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 2%-ზე მეტს ხარჯავს, ასეთი მაჩვენებელი NATO-ს მხოლოდ 5 ქვეყანას აქვს. ჩვენ დავიცავთ საქართველოს, რადგან მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას", - განაცხადა ტედ პომ.