თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ქართველმა და უნგრელმა პარასპორტსმენებმა სპორტის ახალი სახეობის - პარატექვოლის (მჯდომარე მაგიდის ფრენბურთი) საჩვენებელი მატჩი გამართეს. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში უნგრეთის კონსულმა ანიკო ფარკასმა, ქვეყნის მთავრობის სახელით, საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს ტექვოლის მაგიდა გადასცა.
დღესვე გაიმართა მჯდომარე ფრენბურთში საერთაშორისო ტურნირის - „თბილისის თასი 2019“ გახსნის ცერემონიალი. პარალელურად, გამოიფინა სკოლის მოსწავლეების მიერ პარალიმპიური მოძრაობის თემატიკაზე შესრულებული ნახატები. საუკეთესო ნამუშევრის ავტორი სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში პარასპორტს ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. 2015 წელს, თბილისში გაიხსნა პარასპორტის განვითარების ცენტრი, რომელიც სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებზე. წელს კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესდა ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდია 1000 ლარის ოდენობით.
2019 წელს, ქართველმა პარასპორტსმენებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე საერთაშორისო ტურნირებზე მოიპოვეს 150-მდე მედალი. წელს თბილისმა უმასპინძლა ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის პირველ გათამაშებას, რომელშიც ევროპის 6 გუნდი მონაწილეობდა.
ქართველი პარასპორტსმენებისთვის მომდევნო წელი განსაკუთრებით დატვირთულია. ჩვენს პარალიმპიელებს წინ ელით ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშები, რომლისთვისაც ისინი აქტიურად ემზადებიან.