საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი მოქალაქის საძიებო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში არ შეუწყვეტიათ. მონიტორინგი მიმდინარეობდა როგორც წყალზე, ასევე, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ცოცხალი ძალის რაოდენობა 55 მაშველამდე გაიზარდა. ჯანდარაში დამატებით უკვე ჩავიდა წყალზე სამაშველო ტექნიკა თბილისიდან და ფოთიდან. ადგილზე მობილიზებულია მყვინთავთა ჯგუფი. პროცესში ჩართულია სითბური დრონი. ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილია საგანგებო შტაბი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებს ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს.
ამ დროისთვის შემოწმებულია ტბის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ნაწილის დაახლოებით 80%. პროცესში ჩართულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამაშველო სამსახური. აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმებით, იგეგმება ქართველი მაშველების მათ ტერიტორიაზე გადასვლა და ადგილობრივ სამაშველო ჯგუფებთან ერთად ოპერაციის გაგრძელება.
ორი ქვეყნის სამაშველო სამსახურები ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებით განაგრძობენ კოორდინირებულ მუშაობას დაკარგული მოქალაქეების საპოვნელად. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
საძიებო სამუშაოები, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.