საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დამოუკიდებელ ექსპერტ თომას ჰამარბერგს შეხვდა, რომელიც, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის დავალებით, დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებას შეაფასებს.
ამ მიზნით, თომას ჰამარბერგი საქართველოს მეორედ ეწვია. იგი ხვალ აფხაზეთის რეგიონში მიემგზავრება, რათა ადგილზე გაეცნოს ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას, ასევე შეისწავლოს 19 მაისს ხურჩაში გოგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებული გარემოებები.
საუბრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დამნაშავის დაუყოვნებლივ დაპატიმრების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ასეთი სასტიკი დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
თომას ჰამარბერგი საკუთარი მანდატის ფარგლებში, აფხაზეთის რეგიონში კიდევ ერთხელ, შემოდგომაზე დაბრუნდება, რის შემდეგაც, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისთვის, აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს მოამზადებს. ანგარიშში ასევე იქნება რეკომენდაციები.
მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე დაესწრო.