„როდესაც ოპოზიციის დაჟინებულ მოთხოვნაზე ვსაუბრობთ, რომ ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლა მოხდეს მაშინ, როდესაც ის არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგის მოლოდინი არ შეიძლება გვქონდეს“, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მედიას განუცხადა, რითაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
„მოლაპარაკებაში მნიშვნელოვანია, რომ იმ საკითხებზე ხდებოდეს მოლაპარაკება, რაც ფიზიკურად შესრულებადია. როდესაც ჩვენ ოპოზიციის დაჟინებულ მოთხოვნაზე ვსაუბრობთ, რომ ე. წ. გერმანულ მოდელზე გადასვლა მოხდეს მაშინ, როდესაც ის არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგის მოლოდინი არ შეიძლება გვქონდეს. გარდა ამისა, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენს ოპოზიციაში საკმაოდ კვალიფიციური ადამიანები, პოლიტიკოსები და იურისტები არიან იმისთვის, კარგად ესმოდეთ, რომ აღნიშნული მოდელი ჩვენს კონსტიტუციას არ შეესაბამება. ამდენად, ოპოზიციის ეს დაჟინებული და არარეალური მოთხოვნა შეიძლება სხვა მიზნებსაც ემსახურებოდეს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ამასთან, ცქიტიშვილი თქმით, ოპოზიციასთან უნდა მოხდეს მოლაპარაკება საარჩევნო კოდექსთან და საარჩევნო სტანდარტებთან დაკავშირებით იმისთვის, რომ 2020 წლის და მომდევნო არჩევნები ქვეყანაში ჩატარდეს კიდევ უფრო გამჭვირვალედ და კონკურენტულ გარემოში. ცქიტიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, ამ კუთხით დიალოგი გაგრძელდეს იმისთვის, რომ 2020 წლის „საპარლამენტო არჩევნებში ეჭვი არავის ეპარებოდეს“.
ცნობისთვის, ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილებების თაობაზე მომზადებულ კანონპროექტს დღეს პარლამენტში დაარეგისტრირებს, რის შემდეგაც სახალხო დამცველი კანონპროექტს ეუთო-ს გადაუგზავნის.