logo_geo
eng_logo
ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

4 დეკემბერი. 2019. 13:08

 

„ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობისთვის და სხეულის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული მ.ს. დამნაშავედ ცნო“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

 

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 თებერვალს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მ.ს.-ს შელაპარაკება მოუხდა მისსავე სახლში მყოფ გ.ტ-სთან. აღნიშნულით განაწყენებულმა მ.ს.-მ დატოვა გ.ტ-ს სახლი,  უკან სანადირო თოფით შეიარაღებული დაბრუნდა და გ.ტ.-ს ორი ჭრილობა მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ მ.ს.-მ სოფელ ახალსოფელში, ხულიგნური ქვენაგრძნობით, ა.მ.-ს სანადირო თოფიდან მუცლის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.მ. იმავე დღეს საავადმყოფოში  გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა მ.ს. სასამართლო განჩინების საფუძველზე 2019 წლის 22 თებერვალს ქ. ლანჩხუთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობა) და  19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მ.ს. დამნაშავედ ცნო ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობაში და განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით) და  სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ, პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას აპელაციის წესით გაასაჩივრებს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner