„სახელმწიფო არ დაუშვებს რაიმე დაპირისპირებას ან ესკალაციას. ყოველთვის, როდესაც ამის მცდელობა იქნება, სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
თალაკვაძემ ბოლო დღეების განმავლობაში გამართულ აქციებსა და კონტრაქციებზე ისაუბრა და მედიის გარკვეული ნაწილი ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა.
„მე მახსოვს, მედიის ნაწილი კრიტიკულად აშუქებდა და ერთ ხმაში იყო ოპოზიციის ლიდერებთან, გვაკრიტიკებდნენ ხელისუფლებას და ერთგვარად დასცინოდნენ კიდეც შინაგან საქმეთა სამინისტროს, როდესაც ამბობდნენ, რომ შსს-მ გამოიყვანა ზედმეტად ბევრი პოლიციელი, რატომ იყო ესა თუ ის ზომები მიღებული, რატომ იყო ბარიერები გამოყენებული. ოპოზიციასთან ერთად ერთ ხმაში მედიის ეს ნაწილი აკრიტიკებდა შსს-ს. დღეს იგივე მედიასაშუალებები ამბობენ პირიქით, რატომ არ არის ბევრი პოლიციელი, რატომ არ არის გამოყენებული დაცვის მექანიზმებიო. ამაზე მე მექნება ერთი დასკვნა: პროტესტი უნდა დარჩეს მშვიდობიან ფარგლებში, უნდა დარჩეს იმ ფარგლებში, როდესაც არანაირი პროვოკაცია არ იქნება, არ იქნება მცდელობა პროცესების ესკალაციის, ამაზე თავი უნდა შეიკავოს მანიფესტაციის მონაწილეებმა და პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ. ეს იქნება რეკომენდაციაც და თხოვნაც ჩვენი თანამოქალაქეებისადმი. რაც შეეხება სახელმწიფოს - სახელმწიფო არ დაუშვებს რაიმე დაპირისპირება მოხდეს ან ესკალაცია, ყოველთვის, როდესაც ამის მცდელობა იქნება, სახელმწიფო მიიღებს შესაბამის ზომებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.