logo_geo
eng_logo
მარინა თექთუმანიძე: ჩემი მეხუთე წიგნი დაიბადა...
- +

4 დეკემბერი. 2019. 16:56

3 დეკემბერს მწერალთა სახლში მარინა თექთუმანიძის წიგნის „საკუთარ თავთან მოლაპარაკე“ პრეზენტაცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მხოლოდ ქების რეჟიმში არ წარმართულა. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, გამოეთქვათ საკუთარი აზრი და მოესმინათ ქალბატონი მარინას ლექსები.

 

 

წიგნის პრეზენტაციას კრიტიკოსებიც ესწრებოდნენ. მათ საზოგადოებას საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს და პოეტს სამომავლოდ რჩევებიც მისცეს.

 

 

„დღევანდელ სივრცეში, სადაც ძალიან ბევრი წიგნი გამოდის, რთულია ათვისება და შერჩევა. მაგრამ კრიტიკოსების უშუალო მოვალეობაა, რომ მათ დროული შეფასებით დაუფასონ მწერალსა და პოეტს ამაგი. ჩვენმა საზოგადოებამ მიიღო კარგი საჩუქარი, რადგან „საკუთართან თავთან მოლაპარაკე“ არის მშვენიერი წიგნი, რომელიც მკითხველის გულთან მიდის“, - აღნიშნა პოეტმა და კრიტიკოსმა იკა ქადაგიძემ.

 

 

 

„მარინა თექთუმანიძე არის სწორედ ის პოეტი, რომლის ლექსებშიც საოცარი მუსიკაა თანხმლები ძალიან დიდ განცდებთან. პოეტის ცხოვრება კი არის განცდა. ჩემს დედობილს და უსაყვარლეს ადამიანს ვულოცავ ამ დღეს. კიდევ მრავალი წარმატება და წინსვლა“ ,- აღნიშნა პოეტმა გაგა გომართელმა.

 

 

„მარინა არის უდავოდ გამორჩეული და შეუდარებელი მწერალი. მისი ნამუშევრები ძალიან ღრმაა. იქ არის ფილოსოფია, სიყვარული, ფსიქოლოგია, დედაშვილობა, მონატრება, ტკივილი, მამაშვილობა... ყველაფერი ეს ძევს ამ შემოქმედებაში. ჩვენ ქართველები, ცოტა მორიდებულები ვართ და იმას, რასაც ვერ ვამბობთ ხმამაღლა, ქალბატონი მარინა თავისი ლექსებითა და ვერლიბრებით, მშვენივრად გვეუბნება. ძალიან ნიჭიერი და გულიანი ადამიანია“, -  აღნიშნა პოეტმა და ჟურნალისტმა მაია კახიძემ.

 

 

დამსწრეებმა მიულოცეს მარინა თექთუმანიძეს ახალი წიგნის გამოცემა და მისი შემოქმედების შესახებაც ისაუბრეს. პოეტმა და ჟურნალისტმა არაერთი საჩუქარი მიიღო  და ამასთან ერთად,  ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიის მფლობელიც გახდა.

 

 

„როგორც კი დაადებ მარინა თექთუმანიძის ამ წიგნს ხელს, მაშინვე ხვდები, რომ ეხები ადამიანურ განცდებს, სიყვარულს, ღალატს და ყველაფერს ერთად. ეს არის ძალიან მაღალი პოეზია“, - აღნიშნა „ქართული კულტურის“ მთავარმა რედაქტორმა ლია მეტრეველმა.

 

 

 

„მინდა მარინას მივულოცო მორიგი წიგნის გამოსვლა. კიდევ ბევრი დიდებული წიგნი გვეხილოს, რადგან ყოველი მისი წიგნი საკუთარი თავის პოვნის კიდევ ერთი საშუალებაა ჩვენთვის, მისი მკითხველებისათვის“, - აღნიშნა მსახიობმა და პოეტმა ელდინო საღარაძემ.

 

 

„ჩემი შემოქმედება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ეს არის მთელი ჩემი ცხოვრება, ყოველდღიურობა, ტკივილები, მაგრამ სიხარული ნაკლებად. სიხარული თითქმის არასოდეს მაწერინებს ხოლმე ლექსს. დაღლილობასთან ერთად ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ეს საღამო შედგა და ჩემი მეხუთე წიგნი დაიბადა. ეს საღამო განსხვავდებოდა ის საღამოებისგან, რომლებიც აქ ტარდება და განსხვავდებოდა იმით, რომ იყო კრიტიკაც და არა მხოლოდ ქება. კრიტიკა კი ზრდის ადამიანს“, - აღნიშნა პოეტმა, ჟურნალისტმა და ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თანათავმჯდომარემ მარინა თექთუმანიძემ.

 

 

„განსხვავებული და განსაკუთრებული საღამო იყო, რადგან ეს არ იყო მხოლოდ წიგნის წარდგენა. იყო განხილვა, სხვადასხვა აზრის გამოთქმის საშუალება და ამასთან ერთად შეკამათების შესაძლებლობაც. ვულოცავ ქალბატონ მარინას ამ დღეს და წიგნს დავულოცავ გზას მკითხველისაკენ“,- აღნიშნა პოეტმა მაია მიქაიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner