logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: სამოქალაქო დაპირისპირება შეიძლება ისე მოულოდნელად აგორდეს, რომ ვერაფერმა შეაჩეროს
- +

5 დეკემბერი. 2019. 12:12

 

„ამიტომაც გვმართებს სიფრთხილე, რომ ერთმანეთთან ბრძოლაში ჩვენმა არაკეთილმოსურნე ქვეყანამ არ გაიმარჯვოს“, - ამის შესახებ პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„მოდი შევთანხმდეთ, რომ რადგან ამ პროცესებში გაჩნდა მოლაპარაკების მაგიდა, ეს უკვე კარგია, მით უფრო, რომ ამას ხელმძღვანელობს დიპლომატიური კორპუსი, რომელიც დაინტერესებულია ვითარების განმუხტვით. ისიც საყურადღებოა, რომ მოლაპარაკებებმა თითქმის ხუთ საათს გასტანა, რაც ნიშნავს, რომ იქ მიდიოდა ცხარე დებატები, მაგრამ მოლაპარაკების მაგიდიდან პროტესტის ნიშნად არავინ გაქცეულა, ესე იგი, მხარეები მხოლოდ ემოციებით არ ხელმძღვანელობდნენ. რთული სათქმელია, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს დიალოგმა, თუმცა, ესეც მალე გაირკვევა. ვის როგორი განზრახვა აქვს, არ ვიცი, მაგრამ მთავარია, ნავსი გატყდეს. ერთმანეთთან საუბრის შემდეგ პროცესი შეიძლება დაბრუნდეს კონსტრუქციულ კალაპოტში და მხარეებმა ძალის დემონსტრირება შეწყვიტონ.

 

ამას შემთხვევით  არ ვამბობ. თქვენ ქუთაისში მომხდარი დაპირისპირება ახსენეთ, რაც მართლაც საყურადღებოა. ერთია, როდესაც პროტესტანტებსა და სამართალდამცავებს შორის ხდება შეჯახება და მეორე, როცა მოქალაქეები უპირისპირდებიან ერთმანეთს. სამოქალაქო დაპირისპირება შეიძლება ისე მოულოდნელად აგორდეს, რომ ვერაფერმა შეაჩეროს, რის შედეგადაც ქვეყანა დიდ ქაოსში გადაეშვება. დიახ, ბოლო პერიოდში უკვე მოქალაქეები უპირისპირდებიან ერთმანეთს, რაც ძალიან სახიფათოა. თუ დროულად არ გამოვედით ამ ჩიხიდან, შესაძლოა, „გუნდა“ ზვავად გადაიქცეს.

 

აქ გასათვალისწინებელია გარე საფრთხეებიც. დარწმუნებული ვარ, არც ერთ და არც მეორე მხარეს შეგნებულად არ სურს, მტრის თამაშის მონაწილედ იქცეს, მაგრამ ეს შეიძლება ისე მოხდეს, ისე იქცე ადამიანი ბრმა იარაღად, რომ ვერც მიხვდე. ამიტომაც გვმართებს სიფრთხილე, რომ ერთმანეთთან ბრძოლაში ჩვენმა არაკეთილმოსურნე ქვეყანამ არ გაიმარჯვოს“,- აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner