ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ბოლო პერიოდში „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ხდება მცდელობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჩართული იყოს პოლიტიკურ პროცესებში.
„მცდელობა ხდება ძალიან ნათლად და აშკარად - საკონსტიტუციო სასამართლო ჩართული იყოს პოლიტიკურ პროცესებში და ამ პოლიტიკური პროცესის ერთ მხარეს დგას „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
ის განცხადებები, რაც კეთდება ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, იმაზე მეტყველებს, რომ პოლიტიკურ პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს ჩართვის მცდელობასთან გავქვს საქმე.
რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ სააპელაციო სასამართლოს ეშინია, არ დაასწროს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება, იყო მისი მხრიდან პირდაპირი აღიარება. როგორც ჩანს, მისთვის ცნობილი არის მოსალოდნელი გადაწყვეტილების შესახებ. მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ საქართველოს პარლამენტი ერთ-ერთ სარჩელში მოპასუხე მხარე იყო და ეს სარჩელი ეხებოდა „რუსთავი 2"-ისა და ტელეკომპანია „საქართველოს" საქმეს პარლამენტის წინააღმდეგ. ამ სარჩელის დროს პარლამენტის სახელით გამოდიოდა წარმომადგენელი, რომელმაც დააყენა რამდენიმე მოსამართლის აცილების საკითხი, კერძოდ, მოსამართლეების ვარძელაშვილისა და კოპალეიშვილის. პარლამენტის წარმომადგენელი უცხადებდა უნდობლობას ამ მოსამართლეებს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ დარღვევებით მოხდა ამ საქმის შესახებ წარმომადგენლისთვის ინფორმაციის მიწოდება. იქ არსებობდა სხვა ეჭვები და გარემოებები.
ყველა სარჩელი, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში, სარჩელები. რომელიც შეაქვთ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის სახელით, რატომღაც ხვდება სულ იმ ერთი კოლეგიის სამ მოსამართლესთან. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის მიერ, როდესაც მოსამართლეების აცილების საკითხი დადგა, კონკრეტული ფაქტები იყო მითითებული. კერძოდ, როდესაც გვარამია იყო განათლების მინისტრი, ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარე, რომელიც იხილავს ამ სარჩელებს, ვარძელაშვილის მეუღლე, გახლდათ მისი პირველი მოადგილე. მეორე მოსამართლე კოპალეიშვილი იუსტიციის მინისტრობის დროს იყო გვარამიას მოადგილე, შემდეგ ასევე მოადგილე, როდესაც გვარამია განათლების მინისტრი გახლდათ.
ეს ყველაფერი სასამართლოს წარედგინა, მაგრამ მოსამართლეების აცილებასთან დაკავშირებით ეს შუამდგომლობა მაშინ არ დაკმაყოფილდა. ეს კითხვები დღესაც დარჩა და როდესაც დღეს ხდება შეტევა მოსამართლეების მიმართ და საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, ჩვენ ვახსენებთ ამ ფაქტებს მათ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.