ედუარდ შევარდნაძე თუ როინ მეტრეველი
1972 წლის ნოემბერში მაშინდელმა საკავშირო „ლიტერატურნაია გაზეტამ“ დაბეჭდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ალექსანდრ იაკოვლევის საკმაოდ ვრცელი წერილი სათაურით „Против антиисторизма“. სტატიაში, პარტიული იდეოლოგის პოზიციიდან, მკაცრად იყო გაკრიტიკებული მწერალთა და მეცნიერებათა ის ჯგუფი, რომელთა შემოქმედებაში ეროვნული მოტივები ჭარბობდა. ქართველ ისტორიკოსთაგან ამ წერილში „მოხვედრის პატივი“ როინ მეტრეველსა და უშანგი სიდამონიძეს ხვდათ. აი, რას წერდა ავტორი თამარ მეფისადმი მიძღვნილი როინ მეტრეველის ერთი სტატიის გამო: Когда нарочито идеализируется прошлое – да еще при нечетких социальных позициях, возникает нелепый спор, чей царь лучше, а заслуги тех или иных деятелей доводятся до превосходных степеней. Один пример из статьи – опубликованной в журнале Литературнаы Грузия (№8, 1979).... და აქ ალექსანდრ იაკოვლევს მოჰყავს საკმაოდ დიდი ციტატა როინ მეტრეველის სტატიიდან „ქვეყნის თვალი, მზისა დარი...(თამარ მეფის სახე ხალხურ შემოქმედებაში)“-იმის საილუსტრაციოდ, თუ რაოდენ გადაჭარბებულად არის თამარ მეფის მოღვაწეობა შეფასებული. მაგრამ ეს კიდევ არაფერი. ოდნავ ქვემოთ ალექსანდრ იაკოვლევი უკვე მთელი სერიოზულობით მიუთითებს იმ „დიდ ცოდვაზე“, რომელიც ამ სახის - ნაციონალური მიმართულების სტატიებს მოაქვს საბჭოთა წყობილებისთვის. „Надо ли доказывать, всякая гиперболизация в подобных делах может стать одной из отправных точек для оживления националистических предрассудков. Правомерно по этому – что эти проявления получили соответствующую оценку со стороны партийных организации республик“.
ავტორმა სტატიაში შეფარვით კიდევ ერთხელ „გაჰკრა კბილი“ როინ მეტრეველის სამეცნიერო მოღვაწეობას და ამჯერად დავით აღმაშენებლის იდეალიზაცია დაგმო. „Подобные мотивы иделизаций можно заметить в некоторых публикациях о Тимуре, царе Давиде... Непомерное любование прошлым неизбежно сглаживает классовые противоречия в истории того или иного народа, затушевывает противоположность и непримиримость прогрессивных и реакционных тенденций, притупляет бдительность в современной идеологической борьбе“.
ბუნებრივია, ეს წერილი ერთი და ორი დღის განმავლობაში არ იწერებოდა, როგორც ჩანს, ავტორი, რომელიც იმხანად საკავშირო ცეკვას იდეოლოგიური განყოფილების უფროსის მოადგილე იყო, საკმაოდ დიდხანს აგროვებდა მასალებს თავისი სტატიისთვის. ჩვეულებრივ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის კრიტიკული წერილისთვის პასუხის გაცემა საკმაოდ ადვილი საქმე იყო, მაგრამ, როცა ეს დოქტორი, იმავდროულად, ქვეყნის იდეოლოგიის წარმმართველი დასის წევრი გახლდათ, უკვე ნათელი იყო, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი მეცნიერული პაექრობა. დღეისთვის, თითქმის ორმოცდაათი წლის შემდეგ, როდესაც აანალიზებ იაკოვლევის „ნააზრევს“, მიდიხარ დასკვნამდე, რომ ეს იყო შეკვეთით შექმნილი პოლემიკური სტატია. ყოველ შემთხვევაში რამდენიმე პიროვნება ამ სტატიაში „ზემოდან“ დაკვეთით მოხვდა. კოსმოპოლიტი, ინტერნაციონალიზმის მქადაგებელი კომუნისტური რეჟიმისთვის ნაციონალიზმი დასაგმობი იყო. მით უმეტეს, თუ ნაციონალიზმს რესპუბლიკის ერთ-ერთ პერსპექტიულ ლიდერს დააბრალებდი...
ეს სტატია კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა იქნეს შესწავლილი. ამას თავისი წინაპირობა ჰქონდა. 1972 წლის სექტემბერში საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად ედუარდ შევარდნაძე მოვიდა. საქართველოში ბევრს საუბრობდნენ, რომ ყოფილ პარტიულ ლიდერ ვასილ მჟავანაძეს თავისი ფავორიტი ჰყავდა, როინ მეტრეველის სახით. ამის თაობაზე მჟავანაძეს რამდენიმე არაოფიციალურ შეხვედრაზეც აღუნიშნავს. როინ მეტრეველი ამ დროს 33 წლის იყო. დაცული ჰქონდა დისერტაცია საქართველოს ისტორიაში, იყო რამდენიმე წიგნის ავტორი, ხელმძღვანელობდა პარტიის ცეკვას ყველაზე დიდ განყოფილებას, იყო ბიუროს წევრობის კანდიდატი. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისი კანდიდატურა მისაღები იყო. ამ მოვლენების შესახებ თავად როინ მეტრეველი იგონებს: „ვასილ მჟავანაძემ საკავშირო ცენტრალურ კომიტეტში კვლავ წააყენა ჩემი კანდიდატურა სარეზერვოდ (ასე უწოდებდნენ მაშინ სამომავლო კანდიდატებს). მე მიმიწვიეს მოსკოვში საკავშირო ცენტრალურ კომიტეტში გასაუბრებაზე. ეს იყო 1972 წლის აპრილში. შევხდი საორგანიზაციო პარტიული მუშაობის განყოფილების გამგის მოადგილეს, ბორის მორალიოვს.
იგი მე კარგად მიცნობდა და ჩვენი საუბარიც ნორმალური, კეთილგანწყობილი იყო, გარკვეული დროის შემდედ მან საკავშირო ცენტრალური კომიტეტის მდივან ივან კაპიტონოვს დაურეკა და მოახსენა მასთან შესახვედრად ჩვენი მზადყოფნის შესახებ.
მე ბორის მორალიოვთან ერთად ივან კაპიტონოვის კაბინეტში შევედი. განვცვიფრდი, იმდენად დეტალურად იყო საქმის კურსში საქართველოს მდგომარეობის შესახებ ცენტრალური კომიტეტის მდივანი, ჩემს ბიოგრაფიასაც ზედმიწევნით გასცნობოდა. ბოლოს მითხრა, ალბათ მოკლე ხანში თქვენ მოგიწევთ ცენტრალური კომიტეტის მდივნის (იდეოლოგიურ საკითხებში) პოსტის დაკავებაო“.
აღმოჩნდა, რომ თბილისსა თუ მოსკოვში უკვე მოქმედებდნენ ძალები, რომლებიც საქართველოში საკუთარი პოლიტიკური ამინდის შექნას ცდილობდნენ. ვასილ მჟავანაძეს სერიოზული ფარული ოპოზიცია ჰყავდა, თავისი კანდიდატით. ალბათ მართებული იქნება, თუ აღვნიშნავთ, რომ ამ ძალას ძალოვან უწყებათა ხელმძღვანელები მეთაურობდნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო ედუარდ შევარდნაძე, იმ პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრი. როინ მეტრეველი წერს: „ მოსკოვიდან დავბრუნდი (1972 წლის გაზაფხულზე) - იქ 40-დღიან კურსებზე ვიყავი. სახლში ამბავი დამახვედრეს, რომ დეიდაჩემი ბარბარე ჭაბუკიანი დაუპატიმრებიათ. რისთვის? არავინ იცის. საქმე ისაა, რომ დეიდა ერთ-ერთი მცირე სამშენებლო ორგანიზაციის რიგითი ბუღალტერი იყო, უპატიოსნესი პიროვნება და ასეთივე კრისტალური სისუფთავის ოჯახის მეპატრონე. ცხოვრობდა საკმაოდ მოკრძალებულად, ხელმოკლედ. ჩაუტარეს ჩხრეკა და... საქმე ისაა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციის რიგითი ბუღალტერი პირადად შინაგან საქმეთა მინისტრმა დაჰკითხა, თანაც დაჰპირდა, თუკი აღიარებდა არსებულ დანაშაულს, გაათავისუფლებდა.
დეიდამ იმედი გაუცრუა მინისტრს - ტყუილი არ თქვა, იგი კი მალე გამოუშვეს“.
ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის, რის მიღწევა სურდათ ამ დაპატიმრებით. დღეს ამას შავ პიარს ვუწოდებთ. დღვანდელივე ტერმინით რომ ვთქვათ, მესიჯი გასაგები იყო - არ შეიძლება მაღალი თანამდებობა დაიკავოს პირმა, რომლის ოჯახის წევრი კორუფციაშია შემჩნეული. ეს მცდელობა რომ არ გამოუვიდათ. საკითხი სხვა კუთხით შემოატრიალეს. ვასილ მჟავანაძეს სიტუაციის გამოსწორება ნამდვილად აღარ შეეძლო. როინ მეტრეველზე იერიში მიიტანეს, როგორც იდეოლოგიურად არამდგრად პიროვნებაზე, რომელიც ნაციონალიზმს აღვივებდა თავისი სტატიებით.
პირველი დარტყმა ადგილობრივ დონეზე განხორციელდა.1971 წლის 12 აგვისტოს გაზეთმა „ლიტერატურულმა საქართველომ“ დაბეჭდა როინ მეტრეველის დიდგორის ბრძოლის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი სტატია. მოკლე ხანში ავტორისთვის ცნობილი გახდა პარტიული ნომენკლატურის გარკვეულ ფენაში ამ სტატიისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება. ვიღაც საგანგებოდ აღვივებდა ამ განწყობას.
მწერალთა კავშირის თავმჯდომარე გრიგოლ აბაშიძემ და „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარმა რედაქტორმა რევაზ მარგიანმა ამის თაობაზე თავად ავტორსაც უამბეს. ისიც ცნობილი გახდა, რომ ცენტრალურ კომიტეტში იდეოლოგიის დარგის მდივანთან, მიხეილ გოგიჩაიშვილთან გამართულ თათბირზე მწერალთა კავშირი და „ლიტერატურული საქართველო“ მკაცრად გააკრიტიკეს ამ სტატიის დაბეჭდვის გამო.
ამ საქმეში ვასილ მჟავანაძის როლი გამორიცხული იყო. აშკარა ხდებოდა, რომ როინ მეტრეველს არც ძალოვანი სისტემის მეორე შტოს - ე.წ. კაგებეს შეფი სწყალობდა. ცენტრალურ კომიტეტში იდეოლოგიის დარგის მდივნის ასეთი რეაქცია მხოლოდ მისგან თუ შეიძლება ყოფილიყო ინიცირებული.
საბოლოოდ ყველაფერი მოსკოვში გადაწყდა და ცენტრმა რესპუბლიკის ხელმძღვანელად ედუარდ შევარდნაძე დანიშნა.
ამ უკანასკნელმა პირველ მდივნად მოსვლისთანავე, რამდენიმე დღეში, როინ მეტრეველი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მაგრამ ბრძოლა ამით არ დასრულებულა. ახალ ხელმძღვანელს პოლიტიკური მოწინააღმდეგისთვის „თავისი ადგილი უნდა მიეჩინა“. ამ დროს დაიწერა ალექსანდრ იაკოვლევის სტატია, რომელშიც საკმაოდ დიდი ადგილი დაეთმო როინ მეტრეველის შემოქმედებას. იგი „ნაციონალისტად“, მარქსიზმ-ლენინიზმის იდეებისა და პარტიის კურსის უხეშ დამრღვევად გამოიყვანეს.
ამის შემდეგ როინ მეტრეველისთვის პარტიულ-სახელმწიფოებრივ კარიერაზე ფიქრიც ზედმეტი იყო. საბჭოთა სახელმწიფომ მართლა დაკარგა ნიჭიერი სახელმწიფო მოღვაწე, მაგრამ სამაგიეროდ ქართულმა საქმემ შეიძინა ადამიანი, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ქართული ენციკლოპედიის გამოცემა, უნივერსიტეტის ავტონომიის მოპოვება, ათობით მონოგრაფია საქართველოს ისტორიაში და ბევრი სახელოვანი წამოწყება ქართულ მეცნიერებასა და საზოგადოებრივ ასპარეზზე.
პირველი ქართული ენციკლოპედია
სავსებით სამართლიანად, პირველი ქართული უნივერსალური ენციკლოპედიის გამოცემა ირაკლი აბაშიძისა და როინ მეტრეველის სახელებთან არის დაკავშირებული. მართალია, როინ მეტრეველი მთავარი რედაქტორის მოადგილე იყო, მაგრამ მთელ საორგანიზაციო საქმიანობას, ფაქტობრივად, იგი უძღვებოდა.
XX საუკუნის 70-იან წლებამდე საქართველოში ენციკლოპედიის გამოცემის რამდენიმე ცდა იყო, XX საუკუნის დასაწყისში ალექსანდრე ცაგარელმა, ვასილ პეტრიაშვილმა და ალექსანდრე ხახანაშვილმა სცადეს პირველი ქართული ენციკლოპედიის გამოცემა, მაგრამ მათი მიზანი განუხორციელებელი დარჩა. მოგვიანებით, 1932 წელს, ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის დადგენილებით დაიწყო მზადება „ქართული საბჭოთა დიდი ენციკლოპედიის“ გამოსაცემად. საქმე თითქოსდა დაიძრა. მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ პირველი ტომის რამდენიმე თაბახი დაიბეჭდა, ამაზე წინ ენციკლოპედიის გამოცემის საქმე ვერ წავიდა.
1965 წელს სკკპ ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება მოკავშირე რესპუბლიკებში ენციკლოპედიების გამოცემის შესახებ. ამ დადგენილების საფუძველზე საქართველოში შეიქმნა შესაბამისი რედაქცია, მაგრამ სამუშაო ნელი ტემპით მიიწევდა წინ. 1972 წელს ქსე-ის მთავარი რედაქტორის მოადგილედ როინ მეტრეველი დაინიშნა. ირაკლი აბაშიძემ და როინ მეტრეველმა რამდენიმე წელიწადში შეძლეს ენციკლოპედიის პირველი ტომის გამოშვება, რომელსაც ყოველწლიურად ახალ-ახალი ტომი მოჰყვებოდა.
ქართული ენციკლოპედიის ღირსებას შეადგენს: ინფორმაციის მისაწვდომობა, მასალის მოცულობის სიფართოვე, სიზუსტე, სტილის სინატიფე. აქვე აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკათა მიერ გამოცემული არც ერთი ენციკლოპედია ამგვარი ინფორმაციულობით არ ხასიათდებოდა. ქსე-ის 11 ტომში (დამატებითურთ) მთლიანად შესული იყო 60 ათასამდე ტერმინ-სტატია, მაშინ როცა უკრაინული 17-ტომიანი ენციკლოპედია შეიცავდა 47 ათას სტატიას, ხოლო სომხური - 50 ათასამდე ტერმინ-სტატიას. ჩვენი ენციკლოპედიის ასეთი ტევადობა განაპირობა რაციონალურმა მაკეტმა და ეკონომიურმა შრიფტმა, რომელმაც ფაქტობრივად, საშუალება მისცა გამომცემლებს, 15-20%-ით მეტი მასალა მოეთავსებინათ თითოეულ ტომში, ვიდრე სხვა ტიპის წიგნებში.
ქართული ენციკლოპედიის მთავარ რედაქციაში როინ მეტრეველის 14-წლიანი მუშაობის განმავლობაში უდიდესი ეროვნული საქმე გაკეთდა. 1975-1987 წლებში გამოვიდა ქსე-ის 11 ტომი და ერთი დამატება „ საქართველოს სსრ“ (ქართულ და რუსულ ენებზე).
გარდა ამისა, ამ ხნის განმავლობაში ენციკლოპედიაში თავი მოიყარა განუზომლად დიდმა ინფორმაციამ, რომელიც მომავალში საფუძვლად დაედო ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა: ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ.,1985; ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ერთტომეული, თბ., 1986 (II გამოცემა, თბ.,1990); უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989; საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ 5, თბ., 1990; ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, თბ., 1986 (II გამოცემა, თბ., 1990); ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. I, თბ., 1997 და სხვა.
P.S. ჟურნალი „ისტორიანი“ ულოცავს ცნობილ ქართველო ისტორიკოს როინ მეტრეველს 80 წლის იუბილეს, უსურვებს დიდხანს სიცოცხლეს და ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას.
ჯაბა სამუშია
წყარო: ისტორიანი