logo_geo
eng_logo
თედო ჯაფარიძე: საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაცია გადაწყვეტილია, დაველოდოთ მოთმინებით
- +

9 ივნისი. 2016. 18:52


რა ხდება ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს საქართველოს? არის თუ არა რაიმე სახის შეფერხება და მისცემს თუ არა ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლის უფლებას?


ამის შესახებ „აიპრესთან"  პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე საუბრობს.



„ჯერ ერთი, დავიწყოთ იმით, რომ თავად ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცესი   ჯერ არ დამთავრებულა. ქართულმა მხარემ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები, რაც ნახსენებია დასკვნაშიც და მოხსენებაშიც.


თქვენ ამას მხოლოდ უყურებთ, როგორც ურთიერთობას  ევროკავშირსა და საქართველოს შორის და ევროკავშირი მისცემს თუ არა თავის უვიზო მიმოსვლის უფლებას, რეალურად,  ეს უფრო რთული პროცესია.


ეს არის რთული პროცესი, სადაც ჩვენმა მხარემ ყველა ვალდებულება შეასრულა, რომელიც მას აღებული ჰქონდა, საშინაო დავალება, როგორც იძახოდა ევროკავშირი. დანარჩენი, იქ რა ხდება, მხარეები რაზე საუბრობენ, მოგეხსენებათ, ცოტა სხვა თემაა. აქ კომპლექსურად ხდება ყველაფერი.  ვერ ვიტყვი, რომ ეს იქნება ადვილი პროცესი,  მაგრამ ცოტა მოთმინებაა საჭირო ვადებთან დაკავშირებით. ამაზე ქართველებს მოთმინება არ გვყოფნის, ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ პროცესს, ეს იქნება ივნისში, ეს იქნება აგვისტოში თუ სექტემბერში, დამერწმუნეთ, დასრულდება ისე,  ჩვენ როგორც გვინდა.


 

-საკითხის პოლიტიზირება  დაიწყეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა. აცხადებენ, რომ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგად ხდება ვიზა-ლიბერალიზაციის  შეფერხება



- ამის პოლიტიზირება არ არის სწორი, გასაგებია, რომ რაღაც განცხადება გაკეთდება, თუნდაც ის, რაც პრესამ გამოაქვეყნა კრიმინალთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი რეალობაა, მაგრამ არავითარი კავშირი არ აქვს ვიზა-ლიბერალიზაციასთან ქართულ კრიმინალურ ელემენტებს ევროპაში, ეს ცალკე პრობლემაა, რომელსაც ჩვენი სამართალდამცავები აგვარებენ, ძალიან ბევრ ევროპელ კოლეგასთან ერთად. ამიტომ ვადებზე გამახვილება ყურადღების იყო ზედმეტად ეგზალტირებულად გაკეთებული და მე მგონი, ამან გამოიწვია ეს. პროცესი ჯერ არ დასრულებულა, დაველოდოთ და დასრულდება.



შეფერხება ტექნიკური შეიძლება იყოს, ეს არის რთული პროცესი. ამიტომ ეს მხოლოდ ერთი უწყების გადასაწყვეტი არ არის.  ეს პროცესი არის ძალიან კომპლექსური, რთულიც,  ვინაიდან საქმე ეხება ევროკავშირის 28 ქვეყანას და ამ 28 ქვეყანაში არის სხვადასხვა ინსტიტუციები, სამინისტროები, უწყებები. 



ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ ეს მოხდება ხვალ ან სამი დღის მერე, ერთ თვეში თუ თვენახევარში, არ არის სწორი, ჩვენ უნდა დაველოდოთ. ეს არის რთული პროცესი, რომელშიც მონაწილეობს ერთი ორგანიზაცია, ევროკავშირი, მაგრამ ევროკავშირის უკან არის  ქვეყნები, პარლამენტები. მე მგონი, განგაშის საბაბი არ არის, საჭიროა მოთმინება. ეს მოხდება აუცილებლად, ამაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, არის რაღაც გარკვეული მონაკვეთები, სადაც პროცესები უფრო სწრაფად მიდის და არის მომენტები, როცა პროცესები უფრო ნელდება ან ფერხდება, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული მოსაზრებები მოიპოვება. ავსტრია ასე უყურებს ამ პრობლემას, გერმანია სხვანაირად უყურებს, იტალიელები  საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას, ფრანგები ნაკლებად და ასე შემდეგ, ამიტომ ჩვენ გვაქვს ურთიერთობა არა ევროკავშირთან არამედ მთლიანად ევროკავშირში შემავალ ქვეყნებთან, სადაც ეს ყველაფერი ერთ დღეში, რომელიღაც საათს არ ხდება, მოვითმინოთ და დაველოდოთ ამ შედეგს.



ეს რომ მოხდება, ფაქტია, რადგან გადაწყვეტილება ამის თაობაზე უკვე მიღებულია, საქართველოს რაც ევალებოდა, ყველაფერი შეასრულა.



-შეიძლება, რუსეთის ფაქტორიც იყოს?



- არ ვიცი, ჩვენ ისეთ დემოკრატიულ თემებზე ვსაუბრობთ. მე არ ვიცი, შეიძლება  რუსეთის ფაქტორიც იყოს, ამერიკული ფაქტორიც იყოს, აფრიკული ფაქტორი იყოს, აქ მთელი ნიუანსებია. ეს არის ევროპული პოლიტიკა და ამ პოლიტიკაში მისაღწევი შეთანხმება.



ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, დაემთხვა ჩვენს პოლიტიკურ სეზონს, მოახლოებულ არჩევნებს, ამიტომ მხარეები ცდილობენ მოძებნონ ამ რთულ პროცედურაში რაღაც თავისი ანალიზი, მიუსადაგონ თავიანთ კონკრეტულ შიდაპოლიტიკურ კონიუნქტურას, და აღწერონ ესა თუ ის ფაქტი ისე, როგორც მათ აწყობთ. ჩვენ გვაქვს სერიოზული მოლაპარაკებები, რომელიც დასრულებულია, გვაქვს სერიოზული ურთიერთობა ევროკავშირთან და ეს ჯერ ეს პროცესი არ დამთავრებულა.




საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი გადაწყვეტილია, უბრალოდ, უნდა დაველოდოთ მოთმინებით პროცესს.




ავტორი: თამარ ლეფსვერიძე


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner