ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ რომან მალანიას გირაო 10 000 ლარი შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა.
დაკავებულის ადვოკატის ჯიტა გულუას ინფორმაციით, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნულ საქმეზე ბერი გიორგი ქავთარაძის ჩვენება არსებობს იმის შესახებ, რომ მალანიამ ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი იცოდა.
თავის მხრივ, პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
პროკურორ მარიამ ქორიძის თქმით, აღნიშნულ საქმეში არსებობს სამართალდამცავების ჩვენებები, ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები. ასევე ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც, პროკურორის განმარტებით, მეტყველებს შემდეგზე - ნამდვილად არსებობს ფაქტობრივი საფუძველი, რომ ბრალდებულმა განახორციელა დანაშაულებრივი ქმედება.
„ბრალდების მხარე ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით ითხოვდა პატიმრობას. ჩვენი მოთხოვნა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, დაკავებულს საპატიმრო გირაო შეეფარდა. როცა ბრალდების მხარე მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, გაეცნობა განჩინებას, რომელიც მოსამართლემ მიიღო, ამის შემდეგ მიიღებს გასაჩივრების შესახებ პროკურატურა გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია გავეცნოთ, გავიაზროთ ის გარემოებები, რაზეც უთითებს მოსამართლე მოცემულ განჩინებაში. პატიმრობასთან დაკავშირებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობს როგორც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სტანდარტი, ასევე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ არსებობდა მიმალვის საფრთხე მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით და ეს არ გახლავთ ერთადერთი გარემოება, ასევე იყო მტკიცებულებათა განადგურების რეალური საფრთხე, გამომდინარე იქიდან, რომ დასადგენია და გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ სად, რა ვითარებაში, რა მიზნით მოახდინა აღნიშნულმა პირმა ნარკოტიკული საშუალებების შეძენა და ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებითაც გვაქვს გარკვეული კითხვის ნიშნები. ვინაიდან, როგორც ცხადყოფს საქმეში არსებული გარემოებები, ამ პირის მიმართ წარსულში გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. სასამართლომ თუ რას დააფუძნა აღნიშნული გადაწყვეტილება, ამაზე შემდგომ შემეძლება დეტალურად საუბარი, როცა ჩავიბარებ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მარიამ ქორიძემ.
რაც შეეხება მტკიცებულებას, ქორიძის თქმით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ინფორმაციაა, არის პირადი ჩხრეკის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულებები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც მიუთითებს, რომ ნამდვილად არსებობს ფაქტობრივი საფუძველი, რომ ბრალდებულმა განახორციელა დანაშაულებრივი ქმედება.
„ბრალდებულმა რომან მალანიამ დღეს დუმილის უფლება გამოიყენა“, - ამბობს მარიამ ქორიძე.
ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი სასულიერო პირია. მას ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.