უმრავლესობის დეპუტატ კარლო კოპალიანის განცხადებით, სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ ინიციატივას მხარს უჭერს.
კოპალიანის თქმით, მოსახლეობამ, თუნდაც განხილვის დონეზე, უნდა იცოდეს, რას ნიშნავს სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა.
მისივე განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა „ქვეყნის გადარჩენა“ არ არის, როგორც მას უწოდებენ.
„მხარს რომ ვუჭერ, ეს ცნობილია. ინიციატივაზე ჩემი ხელმოწერა არ არის იმის გამო, რომ მე ფიზიკურად თბილისში არ ვიყავი. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ამ საარჩევნო სისტემასაც არსებობის უფლება აქვს. თუნდაც განხილვის და დებატების დონეზე ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს სრული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და მხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ჩაციკლული არ უნდა ვიყოთ. თურმე პროპორციული საარჩევნო სისტემა ყოფილა ქვეყნის გადარჩენა. ეს ასე არ არის და ამას ემსახურება ზუსტად ეს ინიციატივა“ ,- განაცხადა კოპალიანმა.
ამასთან, კოპალიანის განცხადებით, საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა გასაკვირი არ უნდა იყოს.
„ამასთან დაკავშირებით გუნდში რომ აზრთა სხვადასხვაობაა, ეს ცნობილია. აზრთა სხვადასხვაობა იყო სრულ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით და მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით ეს არ არის გასაკვირი. ჩვენს დეპუტაციას თავისი აზრი და არგუმენტები აქვს.
2024 წლისთვის უნდა ჩატარდეს საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნები, ეს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული, მაგრამ ჩვენ ბოლო რამდენიმე თვეა, საუბარი გვქონდა, ეს თარიღი 2020 წლისთვის გადმოგვეტანა და ამაში გასაკვირი არაფერი იყო. რატომ არის გასაკვირი, რატომ ჩნდება შეკითხვა, რომ ვთქვათ, 2024 წლისთვის სხვა საარჩევნო სისტემა განვიხილოთ. ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება ამას ნიშნავს და არა იმას, რომ 200-მა კაცმა რაღაც მოითხოვოს და ქვეყანამ იმ გზით იაროს. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის უმრავლესობას მაშინ გავემიჯნე, როცა არ მივეცი ხმა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას. რაც შეეხება მომავალში სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, ამას დრო გვაჩვენებს. ბევრი რამე იცვლება ამ ქვეყანაში, მითუმეტეს პოლიტიკურ ველზე. ხალხის იმედი გვაქვს. ჩვენ გვჯერა, რომ ხალხს არ უნდა ის, რასაც ოპოზიცია სთავაზობს და ხალხს უნდა, რასაც ჩვენ ვთავაზობთ“ , - აღნიშნა კარლო კოპალიანმა.
კარლო კოპალიანმა გამორიცხა, რომ მაჟორიტარული სისტემა შეიძლება, ჯგუფში დაპირისპირების მიზეზი გახდეს.
მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილი, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვს, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამ მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები მათ უკვე მოამზადეს. ინიცირებისათვის 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერაა საჭირო.