logo_geo
eng_logo
“ზვიად გამსახურდიას საქმე არჩევნებამდე გაიხსნება!”
- +

9 ივნისი. 2016. 20:16


რა ეტაპზეა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიება? საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. პროკურატურაში მუხლი 2015 წელს გადაკვალიფიცირდა და თვითმკვლელობის ნაცვლად, საქმეზე მოკვლევა მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდია „რეპორტიორს" ესაუბრა.



- საქმის გამოძიება გრძელდება, პროკურატურა ინტენსიურად მუშაობს. ძიება დასკვნით ეტაპზეა გადასული. ბევრი ახალი მოწმეც დაიკითხა. რაც შეეხება საქმის კონკრეტულ დეტალებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მე არ შევეხები, რამდენადაც ამან შესაძლოა, დააზიანოს გამოძიება. მოგეხსენებათ, ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ამ საქმესთან, ძალიან ფხიზლად აკვირდებიან თავიანთ გამონათქვამებს, თითოეულ განცხადებას, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ ღირს მათთვის არასასურველი სიტუაციის შექმნა. აღსანიშნავია, რომ უკვე იყო აღძრული ზვიად გამსახურდიასა და მისი მომხრეების საქმე 1992 წლიდან. საქმე რომ აღიძრა, ამას პრაქტიკული ქმედებებიც მოჰყვა. ეს ქმედებები ვის შეეძლო განეხორციელებინა? რა თქმა უნდა, უბრალო მოქალაქეებს ეს არ შეეძლოთ, მაგრამ ეს ქმედებები ხორციელდებოდა იმ საშუალებებით, რაც იმ პერიოდში არსებობდა. ეს იყო „ალფა" -სპეცდანიშნულების ნაწილი, უშიშროების სამსახური, ასევე არსებობდა შსს, რომელიც მართალია, კრიმინალების მიერ კონტროლდებოდა, მაგრამ მაინც იყო და არსებობდა უცხო ქვეყნის წარმომადგენლობები. მაშინ რთული იყო, განგესაზღვრა, სად იწყებოდა ქართული და სად მთავრდებოდა რუსული სპეცსამსახურები, ეს ყველაფერი ერთმანეთში არეული იყო... ამიტომაც საჭიროა ინტენსიური მუშაობა, რასაც დღეს პროკურატურა ნამდვილად აკეთებს. თუმცა არ შევალ მეტ კონკრეტიკაში, რათა რაიმე ზიანი არ მიადგეს პროცესს.


- თქვენთვის თუ არის ცნობილი იმ გასაიდუმლოებული მტკიცებულებების შესახებ, რომელიც პროკურატურას აქვს?


- როდესაც მოხდა საქმის გადაკვალიფიცირება, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურას აქვს გარკვეული მტკიცებულებები, გარკვეული მასალები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს არ ყოფილა თვითმკვლელობა, როგორც ამას ძირითადი მოწმეები ამბობენ. დასკვნაში, რომელიც თავის დროზე ჩვენმა საპარლამენტო კომისიამ დადო (ვგულისხმობ ძირითად დოკუმენტს, რომელიც წიგნადაც გამოიცა), ძალიან ბევრი დოკუმენტი იყო, რომელიც მეტყველებდა სწორედ მკვლელობაზე. პრაქტიკულად ჩვენ დავამტკიცეთ იურიდიული ფორმულირებებით, რომ ეს არ ყოფილა თვითმკვლელობა. ეს დოკუმენტი ჩვენ მაშინ გავუგზავნეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, მაგრამ მათ ეს მასალები თაროზე შემოდეს, ვგულისხმობ ადეიშვილის დროინდელ პროკურატურას. საქმეს ხელი არ მოჰკიდეს... დღესაც პრობლემა არის იმ თვალსაზრისით, რომ არავინ იცის, რა მოხდა 2011 წლის თებერვალში, როდესაც ეს დოკუმენტაცია გავუგზავნეთ საგამოძიებო ორგანოს.


- რა მოხდა, დაიკარგა დოკუმენტაცია?


- დიახ, არის დოკუმენტები, რომელიც დაკარგულია. ჩვენ გადავაგზავნეთ არამარტო ძირითადი დოკუმენტი, არამედ აუდიომასალებიც. ჩვენი კომისია თვითონ აწარმოებდა გამოკითხვას და დაახლოებით 50-ზე მეტი გამოკითხვა ჩავატარეთ. დავტოვეთ 39 ძირითად დოკუმენტში აუდიომასალების სახით. ჩავწერეთ იგორ გიორგაძე მოსკოვში, ასევე სიგუა, კიტოვანი, თემურ გაბუნია, რომელიც უშიშროების მაღალჩინოსანი იყო. დღეს როგორც გაირკვა, ამ მასალათა ნაწილი დაკარგულია.


- თქვენ ფიქრობთ, რომ ადეიშვილის პროკურორობის დროს ეს მასალები კონკრეტულმა პირებმა შეგნებულად გააქრეს?


- ალბათ, ასეა... რეზო ზარანდიას, რომელიც კვალიფიციური კადრი იყო პროკურატურაში, ვერაფერს დავწამებ. ის იყო პასუხისმგებლობიანი პირი, მაგრამ რამდენად აკონტროლებდა ის ყველაფერს, არ ვიცი...


- არ გქონდათ აუდიოჩანაწერების ასლები?


- სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ პარლამენტის არქივს ეს მასალები არ ჩაბარდა და დღესაც იძებნება. ვერ წარმოვიდგენდი, რომ პროკურატურაში მასალები გაქრებოდა. ღმერთმა უწყის, იქ ადეიშვილის დროს რა მოხდა.


- დღევანდელი პროკურატურის მუშაობას როგორ აფასებთ? თუ გაქვთ კომუნიკაცია მთავარ პროკურორთან?


- კი, მაქვს კომუნიკაცია, ვერ ვიტყვი, რომ მათ არ აქვთ ნება და სურვილი, ეს საქმე გამოიძიონ. სურვილი ნამდვილად აქვთ. ეს საქმე რომ არ იქნეს გამოძიებული, რა თქმა უნდა, პროკურატურა აღმოჩნდება არასახარბიელო მდგომარეობაში. წარმოიდგინეთ, საქმე არ დასრულდეს შედეგით, ამას საზოგადოების მხრიდან მოჰყვება დიდი იმედგაცრუება, გაღიზიანება და რისხვა.


- ბრძანეთ, რომ ძიება დასკვნით ფაზაშია. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

 

- არ არის ეს საქმე ძნელი გამოსაძიებელი, თუ არსებობს პოლიტიკური ნება. მმართველი გუნდის მხრიდან, პროკურატურას აუცილებლად სჭირდება პოლიტიკური ნება. ასე იყო ყველა დროს. მაგალითად, შევარდნაძის დროს ეს ნება არ არსებობდა, ამიტომ ხდებოდა საქმის წარმართვის იმიტირება, რაც ემსახურებოდა მიჩქმალვას. მართალია, ჩვენ იქიდანაც ვისარგებლეთ, რადგან ძირითადი მოწმეები დაიკითხნენ და დღეს მათი ჩვენებები გვაქვს. მართალია, ისინი გაიქცნენ საქართველოდან და როგორც ვიცი, არც აპირებენ ჩამოსვლას.


- პროკურატურა რატომ ვერ ახერხებს მათთან კომუნიკაციას?


- ისინი არ შევლენ გამოძიებასთან კონტაქტში. აღსანიშნავია, რომ რაც დრო გადის, ისინი ამძაფრებენ თავიანთ ჩვენებას, ანუ უფრო და უფრო ამტკიცებენ, რომ თურმე ზვიად გამსახურდიას თავში ტრიალებდა თვითმკვლელობის იდეა. რაც დრო გადის, მეტად და მეტად ხატოვნად წარმოაჩენენ ამ ამბავს და ამდიდრებენ ახალ-ახალი დეტალებით. რატომღაც ეს დეტალები არ ახსოვდათ 17 წლის წინ და ახლა გაახსენდათ.


- პოლიტიკურ ნებაზე საუბრობდით, დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს ნება საქმის გახსნის?


- ამ კითხვაზე საბოლოო პასუხს გავცემ მაშინ, როცა საქმის შედეგი დაიდება. სწორედ ამ დროს გამოჩნდება, იყო თუ არა ეს ნება. თითქოს არის ეს ნება... ვნახოთ...


- რატომ გაჭიანურდა, რატომ გაიწელა პრეზიდენტის საქმის გამოძიება? რა არის ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორები?


- ეს არის საქმის ხანდაზმულობა და მოწმეები, რომლებიც დაიხოცნენ. ზოგი მოკლეს კიდეც. პირდაპირ ნათელია, როგორ მოხდა მოწმეების განადგურება. დაიწყეს გია გულუათი, რომელიც 1994 წელს საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს. მოკლეს ბადრი ზარანდია, მოკლეს ზურაბ შონია, ძალიან უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა ჩვენი კომისიის მოწვეული სპეციალისტი უშიშროების გენერალი მიხეილ ოსაძე. როდესაც ჩვენმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა, საკუთარ სახლში მეუღლესთან ერთად ჩაცხრილეს საქართველოს უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი თამაზ ნინუა, რის გამოც დღეს სასჯელს იხდის სრულიად უდანაშაულო პირი; გვარად გოგია, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს ამ საქმესთან.


მიჭირს თქმა, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, მაგრამ იმის დაჯერებაც მიჭირს, რომ ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევაა. ძალიან უცნაური დამთხვევებია. არ არის გამორიცხული, მომხდარის უკან იდგეს ჯგუფი, რომლის ინტერესებში შედის, რომ ეს საქმე არ იქნეს გამოძიებული. იგორ გიორგაძე ამბობს, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ და უცნაური იქნება, რომ მე უარვყო.


- და ბოლოს, როდის ვარაუდობთ, რომ გამსახურდიას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოცხადდება?


- ვნახოთ... ვვარაუდობ და იმედი მაქვს, რომ არჩევნებამდე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner