logo_geo
eng_logo
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს
- +

5 დეკემბერი. 2019. 17:39

 

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღების ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 11 წევრი - არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგი დააკავეს.

 

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეომასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

 

ასევე, დაკავებულია არასრულწლოვანი ბავშვების სკოლის პედაგოგი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში და მიმდინარე წლის სექტემბერში დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა.

 

ამავე საქმეზე, მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს. სექტემბერში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველებმა აღნიშნული ქსელის 11 წევრი დააკავეს. ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სულ დაკავებულია 22 პირი.

 

დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, გრძელდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1432 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner