logo_geo
eng_logo
„ამდენი წლის შემდეგ პირველი წესიერი განათლების მინისტრი გვყავს!“- ფრაზა, რომელმაც მოიცვა საზოგადოება
- +

9 ივნისი. 2016. 20:19


 „ბატონ ალექსანდრეს გააჩნია ძალიან კარგი ხედვები განათლების სფეროს მომავალი განვითარების შესახებ. მე ბოლო პერიოდის განმავლობაში მქონდა არაერთი დისკუსია და მსჯელობა მასთან ერთად და საჭიროდ ჩავთვალე, რომ მისი კანდიდატურა წარმედინა განათლების მინისტრის პოსტზე. ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს უკვე გვჭირდება განახლებული ხედვები ჩვენი განათლების სფეროს მომავალი განვითარებისთვის. მინდა, წარმატება ვუსურვო სანდრო ჯეჯელავას, რომელიც არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული შენამატი ჩვენი გუნდისთვის", - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საზოგადოებას წარუდგინა. აღნიშნულ თანამდებობას 2013 წლიდან თამარ სანიკიძე იკავებდა.


განათლების მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავას დანიშვნას საზოგადოებაში დადებითი შეფასებები  მოჰყვა. ხშირად შევხვდით სოციალურ ქსელში და ქუჩაში ფრაზას - „ამდენი წლის შემდეგ პირველი წესიერი განათლების მინისტრი გვყავს!"

  

პოლიტიკური სუბიექტები, როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიციური პარტიები ალექსანდრე ჯეჯელავას მიმართ სიმპათიებს გამოხატავენ.


„ადამიანური რესურსების მართვის, დროის მართვის, მენეჯმენტის კუთხით მნიშვნელოვანი ბექგრაუნდი აქვს.

 

ვფიქრობ, დრო გამოავლენს, ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე რამდენად გაამართლებს ბატონი ჯეჯელავა.

 


 ხელისუფლებისთვის, რომელიც ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის, უმთავრესი პრიორიტეტი განათლება და მეცნიერება უნდა იყოს"- ასე შეაფასა ჯეჯელავას დანიშვნა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.


 

დადებით ემოციებს გამოხატავს ახალი განათლების მინისტრის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თეიმურაზ ჭკუასელიც.


 

„სრულიად შემთხვევით, ერთხელ ტელევიზიაში მის ინტერვიუს მოვკარი თვალი და იმდენად დამაინტერესა, რომ ვეღარ გადავრთე და დიდ ხანს ვუყურებდი. ამ გაგებით ძალიან საინტერესო ადამიანია, არაორდინარული, აბსოლუტურად თანამედროვე შეხედულებების მქონე. ახლა რომ დავინახე ახალ მინისტრად, ძალიან გამიხარდა", - განაცხადა ჭკუასელმა.


განათლების  ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე კვლავ პარტია „ქართულ ოცნებაში" რჩება. გამოითქვა ვარაუდები, რომ შეიძლება სანიკიძე საარჩევნო სიაში ვიხილოთ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.


გამორიცხული არ არის, ქალბატონი თამარი საარჩევნო სიაში ვიხილოთ.

 

მას დადებითად ვუყურებდი, თუმცა ყველა მინისტრში მე ვხედავ როგორც პლუსს, ასევე მინუსს. დადებითი იყო ბევრი რამ. გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, დაწყებული სასკოლო პროგრამებიდან, დასრულებული უმაღლესი განათლების კუთხით.

 

მქონდა მოსაზრება, რომ უფრო რადიკალური რეფორმები გვჭირდებოდა. შესაძლოა, ამანაც გამოიწვია, რომ ახალი ხედვები გახდა საჭირო", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნინაიძემ.

 

განათლების სფეროში ახალი ძალის საჭიროების საკითხი საზოგადოებამ არცთუ ისე დიდი ხნის წინ დააყენა. პოლიტოლოგების შეფასება ყოფილი მინისტრის მიმართ კრიტიკულია.

 

„თამარ სანიკიძის მოღვაწეობას დადებითად ვერ შევაფასებ, ეს უფრო ნგრევა იყო განათლების, განსაკუთრებით მეცნიერების.


 

სანიკიძე ლომაიას ერთგული და ეფექტური თანამოაზრე, მისი საქმის გამგრძელებელი იყო.


 

ჯეჯელავამ კატასტროფული მემკვიდრეობა მიიღო",- ამ სიტყვებით შეაფასა პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძეგანათლების ყოფილი მინისტრი.


ცინცაძის მსგავსად, სანიკიძის მიმართ კრიტიკას გამოხატავს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდიაც. 

 

 

„ამ წლების განმავლობაში განთლების სამინისტროს ეფექტურ მუშაობას ვერ ვხედავდი. ხშირად მინისტრის პოზიციები  ჩემთვის გაუგებარი იყო. თუნდაც ბოლო სამიტზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმართებაში.


 

თამარ სანიკიძე არ იყო ის ადამიანი, რომელიც სრულად დადებითი იმიჯით სარგებლობდა ან განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებდა განათლების სფეროში მყოფი ადამიანებისგან", - განაცხადა გამზარდიამ.


თამარ სანიკიძის განათლების მინისტრად ყოფნის პერიოდში ბევრი კრიტიკა და მწვავე განცხადებები გამოითქვა მის მიმართ. საზოგადოების დამოკიდებულებას დადებითს ვერ დავარქმევთ, რასაც ვერ ვიტყვით ახალ  მინისტრზე ალექსანდრე ჯეჯელავაზე.


რამდენად კარგი განათლების მინისტრი იქნება ჯეჯელავა და რამდენად გაამართლებს საზოგადოებაში გავრცელებულ ფრაზას „ამდენი წლის შემდეგ პირველი წესიერი განათლების მინისტრი გვყავს!" - ამას დრო აჩვენებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner