28-29 თებერვალს საქართველოს ეწვია ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრი ხოსე მანუელ გარსია-მარგალო.
პირველი შეხვედრა მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართა.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ესპანეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნული ვიზიტი ესპანეთის მთავრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებად შეაფასა.
მიხეილ ჯანელიძე მიესალმა ესპანეთის სამეფოს მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით, რომლისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია თბილისში საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვლინებით.
"ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ ძალიან აქტიურად და იმედია, რომ ასევე მალე გაიხსნება სრულყოფილი საელჩო", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველო-ესპანეთს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს საქართველოს მიმართ ესპანეთის საქმიანი წრეების ინტერესის გაზრდას და ქვეყანაში ესპანური ინვესტიციების მოზიდვას. აგრეთვე, ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის, ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის განხილვას. მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა ამ მიმართულებით ჩატარებულ სამუშაოსა და იმ მოლოდინებზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით გააჩნია.
მინისტრებმა მიმოიხილეს ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის საქართველოს მოლოდინები. აღნიშნეს საქართველოს მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული პროგრესი.
ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა დაადასტურა, ესპანეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის, აგრეთვე, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებების მხარდაჭერა.
ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ილია II-სთან.