თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული თ.ფ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 13 აპრილს დაახლოებით 12:00 საათზე, ქ.თბილისში, აგლაძის ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოში, ხელოსანმა თ.ფ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ვ.კ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა.
დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად ვ.კ.-ს გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა თ.ფ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ფ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.