logo_geo
eng_logo
რუსეთმა მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდების საქმეზე მთავარი მოწმე გააქცია
- +

6 დეკემბერი. 2019. 15:23

 

 

მოსკოვი თავისი დეზინფორმაციული ომით მარცხის წინაშე დგება

ნიდერლანდების სამეფოს პროკურატურა აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, 2014 წლის 17 ივლისს მომხდარი, „მალაიზიური ავიახაზების“ „ბოინგის“ ჩამოგდების საქმეში ერთ-ერთ ფიგურანტს, ვლადიმერ ცემახს, რუსეთის ტერიტორიის დატოვების უფლება განზრახ მისცა.  ეს კი იმის გამო მოხდა, რომ რუსეთს არ აღესრულებინა ნიდერლანდებში ცემახის ექსტრადირების მოთხოვნა. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ბოინგის“ კატასტროფის საქმეში, გამოძიება ცემახს ეჭვმიტანილად განიხილავს. თუმცა, ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, წარედგინება თუ არა მას ბრალი. ვლადიმირ ცემახი ქალაქ სნეჟნოეში, ე.წ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ საჰაერო თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაურია. ქალაქი სნეჟნოე თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილთან ახლოს მდებარეობს.

 

ჰოლანდიის პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამა წლის ზაფხულში, კიევში, საერთაშორისო ჯგუფის გამომძიებლებმა ცემახი რამდენიმეჯერ დაჰკითხეს. სექტემბერში კი, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის პროგრამით ცემახის გაცვლა მოხდა და ის რუსეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ზუსტად ამის მერე, ჰოლანდიის პროკურატურამ რუსეთის ხელისუფლებას მისი ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა გაუგზავნა და შემდეგ კიდევ რამდენიმეჯერ გაიმეორა ეს მოთხოვნა. რუსეთის ხელისუფლებამ დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა, რომელიც ნიდერლანდურმა მხარემ დააკმაყოფილა. ამას გარდა, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი,  ამ მოთხოვნის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვს პირადად ესაუბრა.

 

ბოლოს და ბოლოს, 19 ნოემბერს რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ცემახის დაკავება ვერ მოხდება, რადგან მან რუსეთი დატოვა. აღსანიშნავია, რომ მედიისთვის ჯერ კიდევ სექტემბერში გახდა ცნობილი, რომ ცემახი უკრაინის აღმოსავლეთში, ე.წ დონეცკის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში, სეპარატისტებთან გაემგზავრა. „პროკურატურამ დაასკვნა, რომ რუსეთმა განზრახ დაუშვა იმის ალბათობა, რომ ცემახს რუსეთის ტერიტორია დაეტოვებინა და უარი თქვა ნიდერლანდების მოთხოვნის შესრულებაზე“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

ვლადიმერ ცემახი უკრაინის მოქალაქეა. იმ დროს, როდესაც რუსეთი არ გასცემს თავის მოქალაქეებს სხვა ქვეყნებს, უკრაინის მოქალაქეებზე ეს წესი არ უნდა მოქმედებდეს-აღნიშნავს ნიდერლანდების პროკურატურა.

 

ცემახს უწოდებენ საკვანძო მოწმეს ჩამოგდებული „ბოინგის“ საქმეზე, რადგან ის ზედამხედველობდა სეპარატისტების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემას ქალაქ სნეჟნოეში.

 

გამოძიებამ დაასკვნა, რომ „ბოინგი“ იმ „ბუკით“ ჩამოაგდეს, რომელიც რუსეთიდან იყო გადმოტანილი. ავიაკატასტროფა დონბასის მახლობლად 2014 წელს იმ დროს მოხდა, როდესაც იქ სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა. სამგზავრო „Boing 777“ ასრულებდა რეისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში. კატასტროფას შეეწირა ბორტზე მყოფი 298 ადამიანი. ყველა მათგანი, მათ შორის 80 ბავშვი, ბარო-ტრავმებისგან და მყისიერი ჰერმეტულობის დარღვევისგან ჰაერშივე დაიღუპა. პილოტების სხეულებში ის დამაზიანებელი ელემენტები აღმოაჩინეს, რომლებითაც „ბუკის“ რაკეტა არის გავსებული.

 

მომხდარის გამოძიებას საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი (JIT) შეუდგა. ჯგუფმა ახლახან განაახლა მოწმეების მოძიება ბოინგის ჩამოგდების საქმესთან დაკავშირებით. გამომძიებლები აგროვებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ ვინ გასცემდა ბრძანებებს, რომელთა შედეგადაც შესაძლებელი გახდა ავიალაინერის ჩამოგდება. აღსანიშნავია, რომ სასამართლო ამ უაღრესად მნიშვნელოვან საქმეზე, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს, 2020 წლის 9 მარტს დაიწყება. საგამოძიებო ჯგუფის ვერსიით, ავიალაინერი  „ჰაერი-მიწა“ რაკეტით საზენიტო რაკეტული კომპლექს „ბუკიდან“ ჩამოაგდეს, რომელიც  რუსეთის შეიარაღებული ძალების 53-ე ბრიგადას ეკუთვნოდა. ის კურსკშია დისლოცირებული.

 

საგამოძიებო ჯგუფის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ რელიზში ნათქვამია-„მოწმეთა ჩვენებების და სხვა ინფორმაციის ბოლოდროინდელი ანალიზი ცხადყოფს, რომ რუსეთის გავლენა ე.წ. „დნრ“-ზე გადიოდა სამხედრო დახმარების ჩარჩოდან, რუსეთის ჩინოვნიკების და ე.წ „დნრ“-ის ლიდერებს შორის ურთიერთობა როგორც ჩანს, უფრო  ახლო იყო. სწორედ ამის გამო, „JIT“-ი  აქვეყნებს ახალ მიმართვას მოწმეებისადმი“.

იმ ვერსიის მხარდასაჭერად, რომ დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერები რუსეთიდან იღებდნენ მითითებებს, საგამოძიებო ჯგუფმა გამოაქვეყნა გადაჭერილი და გაშიფრული სატელეფონო საუბრების ამონაბეჭდები. მათში ნახსენებია რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, „ФСБ“-ს დირექტორი სერგეი ბორტნიკოვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი. „JIT“-ის მიერ გადაჭერილ სატელეფონო საუბრებში არის რეპლიკები, რომლებიც მიეკუთვნება „დნრ“-ს „პრემიერ-მინისტრ“ ალექსანდრ ბოროდაის. ის ამბობს -„თქვენ შორს მიმავალი მიზნები გაქვთ, მე კი არა. მე ვასრულებ ბრძანებებს და ვიცავ მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ინტერესებს - ეს რუსეთის ფედერაციაა. აი, სულ ეს არის“.

 

რამხელა მასშტაბის დეზინფორმაციული კამპანია გააჩაღა მოსკოვმა

რუსეთის ხელისუფლება პირველივე დღიდან კატეგორიულად უარყოფს რაიმე შემხებლობას უკრაინის აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტთან და რუსეთის იმ მოქალაქეებთან, რომლებიც თვითაღიარებული რესპუბლიკების მხარეზე იბრძოდნენ, მოხალისეებს უწოდებს. თავდაცვის სამინისტრო უარყოფს რუსი სამხედროების რაიმე კავშირს თვითმფრინავის ჩამოგდებასთან და ამტკიცებს, რომ ის რაკეტა, რომელმაც „ბოინგი“ ჩამოაგდო, უკრაინულ სამხედრო დანაყოფს ეკუთვნოდა. მთელი ეს წლები, მოსკოვი თავდაცვის ხაზს არა მარტო ოფიციალური სპიკერების მეშვეობით, არამედ კონტროლის ქვეშ მყოფი მედიის და „ფეიკ“- ნიუსების დახმარებით აწარმოებდა. სახელისუფლებლო მედია ტრაგედიის პირველ წელს იყო პროპაგანდის და დეზინფორმაციის ძირითადი  წყარო. გაუგონარი პროპაგანდა წარმოებდა „ფეიკების“ მეშვეობით, რომლებიც ავრცელებდნენ „დამაჯერებელ“ ვერსიას იმის შესახებ, რომ „ბოინგი“ უკრაინულმა არმიამ ჩამოაგდო. ამ ვერსიის მხარდასაჭერად, ყოველ ჯერზე სახელისუფლებლო მედია იყენებდა მონაცემებს, რომლებიც იყო მთლიანად ფალსიფიცირებული ან არასრული. „ბოინგის“ კატასტროფის შემდგომ პირველ თვეებში, მთავარი „ფეიკის“ წყარო რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გახდა. 2014 წლის 21 ივნისის პრეს-კონფერენციაზე, რუსმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ კატასტროფის დროს, „ბოინგ MH17“-თან სიახლოვეში იმყოფებოდა უკრაინული თვითმფრინავი „Су-25“, რაც თითქოს და რუსული რადარებით გამოჩნდა. თუმცა, ორი წლის შემდეგ, მათ სხვა მონაცემები წარმოადგინეს, რითაც „უკრაინული თვითმფრინავის“ არსებობა თავადვე უარყვეს.

 

თუმცა, მანამდე, ვითომ და დამნაშავე უკრაინული „Су-25“ შესახებ „ფეიკ-ინფორმაციას“ სიცოცხლე ძალიან გაუხანგრძლივა „ესპანელმა დისპეტჩერმა“, რომელიც თითქოსდა 2014 წელს კიევის ბორისპოლის აეროპორტში მუშაობდა. მან „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ტრაგედიიდან რამდენიმე წუთით ადრე, რადარზე ორი უკრაინული სამხედრო ბორტი შენიშნა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ „ესპანელი დისპეტჩერის“ სახელით ამ ინფორმაციას  თაღლითობის ბრალდებით ძებნილი ხოსე კარლოს ბარიოს სანჩესი წერდა, რომელსაც ავიაციასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ცრუ დისპეტჩერს მოუწია იმის აღიარება, რომ სოციალურ ქსელებში „პოსტებს“ რუსეთიდან ფულის მიღების სანაცვლოდ წერდა. სანჩესი მოგვიანებით ამბობდა, რომ „ესპანელი დისპეტჩერის“ როლისთვის მან მთლიანობაში 48 ათასი დოლარი, კერძოდ, სატელევიზიო არხ „РТ“-სგან მიიღო. ამ რუსული არხის პრეს-სამსახურმა, კარლოსის დასპონსორება უარყო.

 

კარლოსის „ტვიტერის პოსტის“ საფუძველზე გაჩენილი ვერსია მალევე აიტაცეს რუსეთის სახელმწიფო მედია საშუალებებმა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ კარლოსი ამ ფაქტს ბორისპოლის აეროპორტის სადისპეტჩერო ოთახიდან თვალყურს ადევნებდა.

 

იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ასეთი დეზინფორმაციული ომის წარმოება რუსეთისთვის ისიც კი ცხადყოფს, რომ ვლადიმირ პუტინმა „ესპანელი დისპეტჩერის“ „ფეიკ-მონათხრობი“ რეჟისორ ოლივერ სტოუნთან გახმაურებული დოკუმენტური ფილმის ჩაწერისას, ინტერვიუშიც გამოიყენა.

 

იყო კიდევ უამრავი რუსული „ფეიკ-ინფორმაცია“, „ფეიკ-მტკიცებულებები; ამ წლების განმავლობაში კეთდებოდა ყველაფერი, რის მიზანიც ერთი იყო-რუსეთის ხელისუფლებას სურს გაექცეს  პასუხისმგებლობას ამ სასტიკ ტრაგედიაზე. კრემლმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოში რეზოლუციას  მალაიზიური „ბოინგის“ კატასტროფის გამოსაძიებლად საერთაშორისი ტრიბუნალის შექმნის შესახებ. რუსეთში დღემდე გამალებით მუშაობენ იმაზე, რომ ჰოლანდიური საგამოძიებო ჯგუფი კუთხეში მოამწყვდიონ. თუმცა, ამ ტრაგედიის საქმეში „რუსულ ვერსიებს“  საერთაშორისო პროფესიონალური გუნდის ობიექტური მუშაობა, მტკიცებულებათა ბაზა, ობიექტური და უტყუარი მონაცემები დაუპირისპირდა.

 

ვლადიმირ ცემახის „გაქცევა“ რუსეთის ტერიტორიიდან გვაჩვენებს, რომ მოსკოვს არ აღელვებს რეპუტაციის და ღირსების საკითხები, მისთვის მთავარია დროის მოგება, დასწრებაზე ტაქტიკური დარტყმის გაკეთება და მოწინააღმდეგის დაბნევა, თუმცა 2020 წლის 9 მარტი უკვე ახლოა...

 

მარიამ გაბიტაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner