გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიერ 2016 წლის 30 მაისს გამოქვეყნებულმა ღია წერილმა საქართველოს მოსახლეობის ფართო ინტერესი გამოიწვია და საყოველთაო განხილვის საგანი გახდა. საზოგადოების წარმომადგენლები სხვადასხვაგვარად აფასებენ მის შეხედულებებს. ამდენად, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება იმ ადამიანების აზრი, რომელთაც თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე თვალსაჩინო ადგილი უკავიათ ჩვენი საზოგადოების ყოველდღიურ ყოფაში და, შესაბამისად, თავადაც აქვთ ყოველდღიური შეხება ყველაზე საჭირბოროტო საკითხთან.
ამ თემაზე სასაუბროდ აკადემიკოს ფრიდონ თოდუას მივმართეთ. ბატონი ფრიდონი არაერთხელ ყოფილა ჩვენი გაზეთის სტუმარი და მისი მოსაზრებები ყოველთვის გამოირჩეოდა ამა თუ იმ სიტუაციის რაციონალური შეფასებით.
- ბატონო ფრიდონ, უნდა ვაღიაროთ, რომ სრულიად განსხვავებული მოსაზრებები შეიძლება წაიკითხოთ დღევანდელ პრესაში თუ ინტერნეტსივრცეში ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილის შესახებ. თქვენ თუ წაიკითხეთ ეს წერილი და რა შთაბეჭდილებები შეგიძლიათ გაგვიზიაროთ?
- რა თქმა უნდა, წავიკითხე... წავიკითხე, უწინარესად იმიტომ, რომ მართლაც დიდი იყო ინტერესი და რეზონანსი საზოგადოების მხრიდან და მეორეც, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ბიძინა გადადგა თანამდებობიდან საკუთარი სურვილით, ის დღესაც ითვლება საკმაოდ გავლენიან პიროვნებად, რამეთუ მის სახელთან ასოცირდება „ქართული ოცნება", როგორც მმართველი გუნდი. არ არის საჭირო პოლიტიკოსობა, რომ ამას მიხვდე და ანგარიში გაუწიო.
თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინაც კი, როდესაც პარლამენტის დეპუტატი გახლდით, არ ვთვლიდი, რომ აქტიური პოლიტიკოსი ვარ. დეპუტატობა ჩემთვის, უწინარეს ყოვლისა, იყო იმ ხალხზე ზრუნვის საშუალება, ვინც ნდობა გამომიცხადა და თავის წარმომადგენლად მაღიარა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე უარი არასოდეს მითქვამს და, ცხადია, ჩემი აზრიც აქტიურად გამომითქვამს. მე ექიმი ვარ და ჰიპოკრატეს უმთავრესი პრინციპი „არ ავნო!" ჩემი ცხოვრების ძირითადი კანონი იყო. აქედან გამომდინარე, არ მიყვარს ღრმა პოლიტიკური წიაღსვლები და დებატებში მონაწილეობა, მაგრამ რაც ფაქტია, იმის უარყოფაც არ შემიძლია.
ჩვენ, ქართველებს გვჩვევია: ზოგადად ყელაფერი უცებ გვინდა მივიღოთ - მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგი... ეს ძალიან კარგია, მაგრამ, სამწუხაროდ, ცხოვრებაში ასე არ ხდება. ნაჩქარევი გადაწყვეტილებები შესაძლებლობების ზღვარზე ბალანსირება, კარგს არაფერს მოგვიტანს.
ამიტომაც არ შემიძლია, არ დავეთანხმო ბატონი ბიძინას მოსაზრებას, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და ეკონომიკის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებას დრო სჭირდება. როგორც იტყვიან, ასი პროცენტით ვეთანხმები, რომ: „ეკონომიკური გათვლების გარდა, ამის იმედს მაძლევს ჩვენი ხალხის ნიჭიერება, შრომისმოყვარეობა, სწრაფვა სიახლის შეცნობისკენ და, რასაკვირველია, ჩვენი ახალგაზრდების გონიერება, დიდი შემართება, თვითორგანიზების უნარი და საკუთარი ქვეყნის სიყვარულია..."
წარმატების მისაღწევად საჭიროა ბრძოლა... საერთოდ ნებისმიერ საქმეში წარმატებას სჭირდება მებრძოლი სული და ჟინი. იმისათვის, რომ დამკვიდრდე და შენი ადგილი იპოვო ცხოვრებაში, საჭიროა სწავლა, შრომა. თავისთავად არაფერი კეთდება, ჭეშმარიტებისათვის ბრძოლაა საჭირო. ეს ასე იყო ყოველთვის და მით უმეტეს ასეა ახლა, როდესაც პრინციპულად განსხვავებულ საზოგადოებაში გვიწვევს ცხოვრება... ახლა მენტალიტეტიც უნდა იყოს სრულიად სხვაგვარი... ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა პრინციპულობა, საკუთარი სიმართლის გატანის უნარი, ბრძოლის ჟინი. მე არ ვგულისხმობ დარვინისეულ ბრძოლას გადარჩენისთვის და ჯუნგლის კანონებს, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ თუ ადამიანში არ არის მებრძოლი სული, მისთვის შეუძლებელია მიზნის მიღწევა.
სხვათა შორის, როდესაც მოსკოვიდან სამუშაოდ თბილისში დავბრუნდი, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში, ჩემთან ერთად კიდევ ბევრი ჩამოვიდა, მაგრამ ყველა როდი დარჩა ბოლომდე!
შეუძლებელია არ გაიაზრო დებულებები ქვეყნის საგარეო კურსის და გეოპოლიტიკური პროცესების გარშემო, ეს არის ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის აზრი. ჩემს შეხედულებასაც გამოვთქვამ, თუ ბატონი ბიძინას სიტყვებს გავიმეორებ: „საქართველოს საგარეო კურსი და ორიენტირი ერთმნიშვნელოვნად არის ევროატლანტიკური მიმართულება! ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ხელსაყრელ დროს, მზად ვიქნებით და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შევალთ მაშინვე, როგორც კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები კარის გაღებას შეძლებენ.
დასავლური კურსი არ ნიშნავს, რომ პატივისცემით არ მოვექცევით მეზობლებს და არ გავითვალისწინებთ მათ ინტერესებს, პირიქით, ჩვენი სტრატეგია გულისხმობს მეგობრული ურთიერთობების დამყარებას ყველა მეზობელ და არამეზობელ ქვეყანასთან.
ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ინტერესების შეულახავად შევძლოთ ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთთან, გავაღრმავებთ კავშირებს მნიშვნელოვან პარტნიორებთან და მეგობრებთან".
ამის ნათელი მაგალითია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის რატიფიცირება.
ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, განსაკუთრებით ახლა და მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებიც გატარდა ჯანდაცვის სფეროში. საყოველთაო დაზღვევამ უამრავ ადამიანს მისცა საშუალება, ჩაეტარებინა მკურნალობა, რომლის შესაძლებლობაც ადრე არ ჰქონდა და ზოგჯერ იძულებული იყო, სახლ-კარი გაეყიდა ამისთვის. უდიდესი მიღწევაა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. რად ღირს,, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს უფასოდ უტარდებათ უძვირესი ქიმიო და სხივური თერაპია, აუცილებელი ქირურგიული ოპერაციები... ზოგადად ჯანდაცვის რეფორმები ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ქმედით პროექტად მიმაჩნია.
ამის გარდა არ შემიძლია, არ აღვნიშნო ბატონი ბიძინას დამსახურება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შენარჩუნებაში იმ სახით, როგორითაც ის დღეს არსებობს - ჩემი აზრით, ეს გახლდათ ჭეშმარიტად საშვილიშვილო საქმე - მეცნიერება, განათლება, ჯანმრთელობა, ამაზე დიდი საზრუნავი, წარმოუდგენელია ქვეყნის მომავლისთვის.
ყოველივე ცივილიზებული სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა ფუნდამენტური მეცნიერების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის ზრუნვა. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სირთულეების ფონზე მეცნიერება ერთ-ერთი ყველაზე უმწეო სფერო ხდება, რომელსაც აუცილებლად სჭირდება, ისევე როგორც განათლებასა და სამედიცინო დახმარებას, სახელმწიფოს მხარდაჭერა, თუ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს სურს, ჰქონდეს მომავალი და, მით უმეტეს, მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების ერთიან ოჯახში გაწევრების პერსპექტივა.
- სულ ახლახან, საქართველოს მთავრობისა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" მხარდაჭერით საფუძველი ჩაეყარა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ადრონული თერაპიის ცენტრთან ერთად. ამ პროექტით საქართველო შევა მსოფლიოს იმ ქვეყნების ხუთეულში, სადაც ერთ-ერთი ასეთი უმსხვილესი პროექტი განხორციელდა.
- ადრონული თერაპია გახლავთ მეცნიერული კვლევის კიდევ ერთი მიმართულება, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ იმ პაციენტებში, რომელთა მკურნალობაც შეუძლებელია სტანდარტული ქირურგიული, ქიმიო და სხივური თერაპიის მეთოდებით. ის ჯერ კიდევ კვლევის საგანია და, ამდენად, პროექტს ექნება უმნიშვნელოვანესი გამოყენება არამხოლოდ სამედიცინო, არამედ უფრო მასშტაბური სამეცნიერო-კვლევითი თვალსაზრისითაც, რადგან ის ითვალისწინებს უმაღლეს სამეცნიერო-ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას და მობილიზებას, უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობის დანერგვას. ეჭვგარეშეა, რომ აღნიშნული პროექტი უდიდეს სტიმულს მისცემს ახალგაზრდა თაობას მეცნიერული კვლევისა და ინოვაციური მიდგომების შემუშავებისა და პრაქტიკაში დანერგვისათვის. ეს იქნება ცოდნის ახალი კერა, რომელიც მოიზიდავს მეცნიერებს და სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან - აკი უნივერსიტეტის დაფუძნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე საქართველოში სტუმრად იმყოფებოდნენ მსოფლიოში სახელგანთქმული ფიზიკოსები, მათ შორის 2013 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში ფრანსუა ენგლერტი.
გული მწყდება, ჩვენი თანამემამულენი საზღვარგარეთ რომ მიდიან და იქ აღწევენ მნიშვნელოვან წარმატებებს. ჩვენთან საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ისეთი დამოკიდებულება მეცნიერთა მიმართ, რამაც დაუკარგა ახალგაზრდებს ამ სფეროში მოღვაწეობის ხალისი. ამან გამოიწვია ინტელექტუალური კადრების გადინება საზღვარგარეთ. ნებისმიერი ქვეყანა სიხარულით ღებულობს ჩვენს განათლებულ და ერუდირებულ სპეციალისტებს სხვადასხვა დარგში.
ვფიქრობ, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც მეტ-ნაკლებად დრო გაუტარებია სამშობლოს გარეთ, განუცდია ნოსტალგიის გრძნობა და იმის განცდა, რომ ნებისმიერი წარმატება ათმაგ კმაყოფილებას განიჭებს, თუ ის საკუთარ ქვეყანაშია მიღწეული.
დღეს აღარ არის დიდი სირთულე საზღვარგარეთ გამგზავრება, ყველას მოგვწონს განვითარებული, დალაგებული, დემოკრატიული პრინციპებით მართული ქვეყნები, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მაინც მგონია, რომ ქართულ ბუნებაში დევს რაღაც მარცვალი, რომელსაც ადრე თუ გვიან ისევ სახლისკენ მოყავხარ და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. ამდენად მახარებს ყველა განხორციელებული პროექტი, ინიციატივა თუ წამოწყება, რომელიც ცხოვრების ევროპულ სტანდარტებთან გვაახლოებს. მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი თანხმობა იმ კონცეფციასთან, რომლის თანახმადაც ქვეყნის გრამთლიანების პერსპექტივა რეალური გახდება მხოლოდ და მხოლოდ მაღალ ღირებულებებზე დაფუძნებულ და ძლიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში, სადაც ცხოვრება ყველასთვის ერთნაირად მიმზიდველია.
...დიახ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც თითოეულმა მოქალაქემ დამოუკიდებლად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე უნდა გააკეთოს არჩევანი. ეს კი ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.
ესაუბრა რუსლან რუსია