logo_geo
eng_logo
ირაკლი კოვზანაძე: მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის რეკომენდაციების ნაწილი გაითვალისწინა
- +

6 დეკემბერი. 2019. 16:01

 

 

„მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის რეკომენდაციების ნაწილი გაითვალისწინა.  მომავალ წელს მთავრობა 2019 წლისგან განსხვავებით მილიარდ 100 მილიონი  ლარით  მეტს დახარჯავს“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილეს. მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტისგან განსხვავებით გაზრდილია როგორც შემოსავლები, ასევე ხარჯებიც. კერძოდ,    სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი   221.0 მლნ ლარით მეტია   და თითქმის 14,5 მილიარდია (14 432 866 000 ლარს შეადგენს). გაზრდილია  მომავალი წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 514.2 მილიონი ლარით და 14 554 200 000 ლარია.

 

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, მთავრობამ გაითვალისწინა პარლამენტის რეკომენდაცია და  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის დაფინანსება წინა ვერსიისგან განსხვავებით 50 მილიონით 350 მილიონ ლარამდე გაზარდა. თანხები  გაეზარდა რამდენიმე სამინისტროს გარკვეული პროექტების დასაფინანსებლად. მათ შორის  განათლების სამინისტროს დაფინანსება 30,5 მილიონით  მეტია პირველადი  ვერსიისგან განსხვავებით  და შეადგენს 1.666.5 მილიონ ლარს.   ზოგადად კი მომავალ წელს განათლების სისტემაზე (ნაერთი ბიუჯეტიდან) 1.9 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯება. 

 

„პრიორიტეტულია სოციალური სფერო. ბიუჯეტის პირველადი ვერსიისგან განსხვავებით 16 მილიონით   გაიზარდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება და 4.363 მლნ ლარია, გაზრდილია იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებაც“,  - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ

 

გარდა ამისა,  საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების შედეგად გადაიხედა ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი. კერძოდ, მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 5.0%-დან  4.5%-მდე დაკორექტირდა.  მომდევნო წლებში კი ეტაპობრივად იზრდება და 5,5%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული 2023 წლისათვის. მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი კი იგივე 3% რჩება. ნაერთი  ბიუჯეტის დეფიციტი 2,5%-ია.

 

ძალაში რჩება  მომავალი წლიდან პენსიებისა და ხელფასების ზრდა.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას, რომელიც მომავალ კვირას პარლამენტის სესიაზე გავა განსახილველად. 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner