რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ნინო ბურჯანაძის მხრიდან საქართველოს წარმომადგენლის სახელით რუსეთში მოლაპარაკებების წარმოება კატეგორიულად მიუღებელია.
„ქალბატონი ნინოს ასეთი პრორუსული დამოკიდებულება, სამწუხაროდ, პრობლემად რჩება ბევრი წლის განმავლობაში. პრაქტიკულად, სამწუხაროდ, მხოლოდ საკუთარი პარტიის წარმომადგენელი ცდილობს, საკუთარი თავის წარმოჩენას საქართველოს წარმომადგენლად. ამ სახელით რაიმე სახის მოლაპარაკებების წარმართვა კატეგორიულად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ამას ამომრჩეველიც ხედავს“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, საყურადღებოა, რომ ნინო ბურჯანაძის გვერდით საქმიანობენ იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებისთვისაც მიუღებელი იყო რუსეთთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ პრაგმატული პოლიტიკაც კი.
„ჩემთვის კიდევ უფრო საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დღეს ქალბატონი ნინოს გვერდით დგანან და საქმიანობენ იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომელთათვის სრულიად მიუღებელი იყო „ქართული ოცნების“ არათუ ასეთი სახის პირდაპირი გავლენის ქვეშ ყოფნა, როგორც სამწუხაროდ ქალბატონი ნინო იმყოფება, არამედ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ რუსეთთან მიმართებაში. იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის, ვისთვისაც ეს პრაგმატული პოლიტიკა იყო მიუღებელი, დღეს მისაღებია ქალბატონ ნინოსთან ერთ კოალიციაში ყოფნა, ერთ მაგიდასთან ჯდომა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.
„გარდა ამისა, ძალიან მოქნილი არის მათი შეფასებები. ნამდვილად ორმაგ სტანდარტებს აქვს ადგილი მათი მხრიდან, საკამოდ გაურკვეველ სტანდარტებთან და პოზიციებთან რუსეთთან ურთიერთობის ნაწილში. ამიტომ, სჯობს, ისინიც ჩამოყალიბდნენ, პროევროპულ, პროდასავლურ და პროამერიკულ პარტიებს რამდენად შეეფერებათ ასეთი პარტნიორის ყოლა“ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში იმყოფება.