„არსებობს მტკიცებულებები, რომ ყველა დაკავებულმა იცოდა, რა შინაარსის ფოტოსესიაში იღებდნენ მათ შვილებს, ანაზღაურების სანაცვლოდ“, - ამის შესახებ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების გადაღება-გასაღების საქმის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
პროკურორის თქმით, დღევანდელ განსახილველ საქმეზე ბრალდებულია ჯამში 21 პირი, აქედან 10 ადამიანს აღკვეთის ღონისძიება უკვე შეფარდებული აქვს.
„დღეს განიხილება 11 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიება. აქედან 10 მშობელია, ერთი მასწავლებელი. ყველა მშობლის შემთხვევაში, ისევე, როგორც მასწავლებლის შემთხვევაში, ყველა მათგანი ინფორმირებული იყო აღნიშნული ფოტოსესიის შინაარსის შესახებ. ყველა მათგანს თვითონ მიჰყავდა საკუთარი შვილი ფოტოების გადასაღებად. ისინი იმყოფებოდნენ იმავე ბინაში, სადაც ხდებოდა ფოტოების გადაღება. ბრალდების მხარეს აქვს არაერთი მტკიცებულება აღნიშნულის დასადასტურებლად, გარდა იმისა, რომ არსებობს ფოტო-ვიდეომასალა, რაზეც ძირითადად არის პორნოგრაფია ასახული, აგრეთვე არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩანაწერები როგორც ვიდეო, ასევე აუდიო ჩანაწერები, აგრეთვე, სხვადასხვა სოციალური ქსელებით მიმოწერები ბრალდებულებს შორის. აღნიშნულით დასტურდება, რომ იცოდნენ შინაარსი, ასევე ანაზღაურების მიღების ფაქტები. ვინც დაკავებულია, ყველა მათგანი ესწრებოდა ფოტოგადაღებას“, - განაცხადა პროკურორმა.