საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე სამებაში, საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ დღეს ხალხი მრავალი პრობლემის წინაშეა, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდობა.
„დღევანდელ კვირას უძღები შვილის კვირიაკე ეწოდება. დღეს ჩვენ წავიკითხეთ სახარება იმის თაობაზე, რომ მამას ჰყავდა ორი შვილი. უმცროსმა შვილმა თავისი წილი მოიხოვა და უცხო ქვეყანაში წავიდა. იქ თავისუფალ ცხოვრებას მიჰყვა. მთელი ქონება გაანიავა. იმ ქვეყანაში დიდი შიმშილი იყო. ის საჭმელიც კი ენატრებოდა, რომელსაც პირუტყვს აჭმევდნენ. ამ დროს იფიქრა - წავალ და ვეტყვი მამას, რომ არ ვარ ღირსი მისი შვილი, მისი ძე მერქვას, მიმიღე მე, როგორც ერთ-ერთი მუშათაგანი, როგორც მსახური. მამა თითქოს თავის შვილს ელოდებოდა. დაინახა შორიდან, გაეგება მას და მოეხვია. ეს იგავი თითქოს თანამედროვე ადამიანებზე, თითქოს ჩვენზეა. დღეს ჩვენი ხალხი მრავალი პრობლემის წინაშეა - განსაკუთრებით ახალგაზრდობა. ეს იგავი არის მაცნე სინანულისა, მაგრამ ამავე დროს არის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მამას განუდგნენ, ისევ დაბრუნდებიან მამასთან და მამა სიყვარულით მიიღებს მათ. უფალმა ინებოს, რომ ეს მალე მოხდეს", - განაცხადა პატრიარქმა.