logo_geo
eng_logo
სიმონ კილაძე: რა უნდათ ფრანგულ ხომალდებს შავ ზღვაში? NATO რუსეთს კატა-თაგვობანას ეთამაშება
- +

8 დეკემბერი. 2019. 00:52

 

სტატიაში გადმოცემულია საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემის, კორვეტ «Commandant Birot»-ის პატრულირება შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან ახლოს, ბათუმის ნავსადგურში შესვლა და ქართველ მეზღვაურებთან სამხედრო სწავლების ჩატარება. მასში განხილულია აგრეთვე შავი ზღვის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, რუსეთის, თურქეთისა და NATO-ს ინტერესები.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

---------

„საჰაერო განგაში!“, - ჰორიზონტზე რუსული თვითმფრინავი-ამფიბია B-12 გამოჩნდა და მცირე სიმაღლეზე ნელ-ნელა პატარა ფრანგულ კორვეტ «Commandant Birot»-ს უახლოვდება. „პირდაპირ ჩვენსკენ მოფრინავს“, - ამბობს კაპიტან-ლეიტენანტი უგო, რომელიც ხელით იჩრდილავს ნოემბრის მკრთალი მზის სხივებს. მეზღავურები გემბანზე გამოეფინენ და „ღიპიან“ ამბიფიას ფოტოსურათებს უღებენ. თვითმფრინავმა კორვეტს ასიოდე მეტრის სიშორით ჩაუფრინა...

 

ფრანგული გემი შავ ზღვაში პატრულირებას ეწევა და სიტუაციას თვალს ადევნებს, - ამბობს კაპიტანი მაქსიმ ლერუა, ხომალდის მეთაური, რომელზეც „ფრანს-პრესის“ ჟურნალისტიც იმყოფება - მან გემზე ასვლა გასულ კვირას მოახერხა, ბათუმსა და ოდესას შორის გაჩერებაზე, NATO-ს ლონდონის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე. საფრანგეთის მტკიცებით, პარიზი ისწრაფვის, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ზღვაოსნობის თავისუფლება დაიცვას, ანუ იქ, იმ ადგილში, სადაც რუსეთის ყოფნა მწვავედ იგრძნობა.

 

პოლიტიკური დაპირისპირების სივრცე

 

შავი ზღვა, რომლიდანაც ერთადერთი გასასვლელი სამხრეთით ბოსფორის სრუტეა (მას თურქეთი აკონტროლებს) და ჩრდილოეთით - ქერჩის სრუტე (რომელიც დე ფაქტოდ რუსეთის კონტროლქვეშაა), რუსეთისა და NATO-ს გავლენის გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინს წარმოადგენს, თანაც იმ ფონზე, როცა მოსკოვისა და ანკარას ერთმანეთთან დაახლოების პროცესი მიმდინარეობს და რუსეთ-უკრაინას ერთმანეთთან ყირიმის გამო კონფრონტაცია აქვთ.

 

„რუსეთი შავ ზღვას ერთგვარ ბასტიონად თვლის“, - ამბობს იგორ დელანოე, ფრანგულ-რუსული კველევითი ცენტრის თანამშრომელი, - „იმავდროულად შავი ზღვის აკვატორია მოსკოვ-NATO-ს გეოპოლიტიკური დაპირისპირების სივრცესაც წარმოადგენს: შავიზღვისპირა ექვსი ქვეყნიდან სამი უკვე NATO-ს წევრია (თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი), ხოლო ორს ალიანსში გაწევრიანება სურს (საქართველოს და უკრაინას). მე-19 - მე-20 საუკუნეებში შავი ზღვა ორი სახელმწიფოს (ჯერ ოსმალეთის და რუსეთის იმპერიების, შემდეგ კი თურქეთისა და სსრ კავშირის) გავლენის სფეროში იმყოფებოდა და მიუხედავად იმისა, რომ 21-ე ასწლეულში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა - რუსეთს მოკავშირეები თითქმის აღარ ჰყავს, NATO-ს წევრები და პრონატოური ქვეყნები კი მომრავლდნენ - „რუსეთმა ამჟამად შავი ზღვის აკვატორიის კონტროლი აშკარად დაიბრუნა, კერძოდ, ყირიმის ანექსიის შედეგად 2014 წელს“, - ხაზს უსვამს ექსპერტი.

 

„ყირიმის ნახევარკუნძული იმ სახმელეთო „ავიამზიდად“ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომლის მეშვეობითაც რუსეთს მთელი საზღვაო ზონის გვალენა-გაკონტროლება შეუძლია“, - ამბობს დიპლომატიური წყარო, რომელიც მიუთითებს ყირიმში სევასტოპოლის (რუსეთის ქალაქი მე-18 საუკუნიდან) ირგვლივ მდებარე ტერიტორიის უკიდურეს მილიტარიზაციაზე: სანაპირო საარტილერიო და სარაკეტო-საზენიტო ბატარეებზე, ანტირაკეტული თვადაცვის საშუალებებზე... „რუსები შავ ზღვაში თავს უშიშრად და მტკიცედ გრძნობენ“, - ამატებს იგორ დელანოე. მისი თქმით, რუსეთი თავის სასარგებლოდ აქტიურად იყენებს ბოსფორ-დარდანელის სრუტეებსაც, სირიის სამხედრო თეატრში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

 

„მივიტყუოთ რუსები და ვნახოთ, რას გააკეთებენ“

 

თვითმფრინავ-ამფიბიის „ვიზიტის“ შემდეგ რამდენიმე საათში კორვეტ «Commandant Birot»-ს ახალი სტუმარი ეწვია - ჰორიზონტზე რუსული საზღვაო გამანადგურებელი „სუ-33“ გამოჩნდა. როგორც მოგვიანებით ხომალდის ზემდეგი ჯერემი კამიუ აღნიშნავდა, „რუსული თვითმფრინავის ერთ-ერთი რადარი ჩვენმა ოპერაციულმა ცენტრმა, შეიძლება ითქვას, „ხელში ჩაიგდო“, ანუ მოხდა ის, რაც გვსურდა: ჩვენი მიზანი ხომ ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი რუსი მივიტყუოთ და მონაცემების მაქსიმუმი შევკრიბოთ მათ ტექნიკაზე - რადარებზე, მოწყობილობებზე, ამომცნობ სიგნალებზე და ა.შ. „მოკლედ, კატა-თაგვობანას ვეთამაშებით“, - იღიმება კაპიტანი მაქსიმ ლერუა.

 

ფრანგული კორვეტი ბათუმში შესვლის წინაც რუსულმა Су-24-მა და Су-30М-მა რამდენჯერმე მოინახულეს. ყველა მონაცემი შეგროვდა და პარიზში იქნა გადაგზავნილი, ინფორმაციის მთავარ ბაზაში. მონაცემებს შემდეგ ფრანგი სამხედრო სპეციალისტები გაანალიზებენ და დაადგენენ, თუ როგორი რეაქცია აქვს რუსეთს. „ჩვენ ვამჩნევთ, რომ რუსეთს მეტი აგრესიულობა დასჩემდა. მოსკოვს ძალის ჩვენების სურვილი გაუჩნდა“, - ამბობს ფრანგი ადმირალი, ანონიმურობის პრინციპის დაცვით, - „როგორც კი შავ ზღვაში NATO-ს ხომალდი გამოჩნდება, რუსეთი მას ყველანაირი საშუალებით თვალს ადევნებს“.

 

„ჩვენი კორვეტი ყირიმის ნაპირებთან არამარტო სადაზვერვო ხასიათის მონაცემებს აგროვებს“, - ამბობს ლეიტენანტი გოტიე თავდაცვის სამინისტროდან, - „არამედ სამხედრო დიპლომატიის ერთგვარი ინსტრუმენტიც გახლავთ: საფრანგეთის ეროვნული სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდის ყოფნა შავი ზღვის თეატრში იმის საშუალებასაც იძლევა, რომ მოკავშირე ქვეყნების ფლოტებთან მჭიდრო და რეგულარული ურთიერთობაც გვქონდეს“, ანუ NATO-ს სხვა ხომალდებთან.

 

რასაკვირველია, ეს ყველაფერი მოსკოვის გაღიზიანებას იწვევს. მით უმეტეს, რომ ბათუმში ყოფნისას ფრანგული გემი ჯერ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოინახულა, შემდეგ კი კორვეტი ზღვაში ერთობლივი სწავლების მიზნით ქართველი მესაზღვრეების სანაპირო დაცვის კატერთან ერთად გავიდა. „ქართველები რეალურად ისწრაფვიან, რომ NATO-ს სტანდარტებს გაუსწორდნენ და მათ ეს კარგად გამოსდით“, - ამბობს კაპიტანი მაქსიმ ლერუა. ანალოგიური სწავლებები იქნება უკრაინისა და რუმინეთის ფლოტის ხომალდებთანაც.

 

თურქეთის გავლენა

 

შავი ზღვის რეგიონზე, რუსეთ-NATO-სა და რუსეთ-უკრაინის მეტოქეობის გარდა, თავის გავლენას ახდენს ანკარისა და მოსკოვის ერთმანეთთან დაახლოება.. „მართალია, თურქეთი NATO-ს წევრია, მაგრამ რუსეთს ზედმეტად უახლოვდება. ინტეგრაციის პროცესი 2016 წლიდან დაჩქარდა“, - ამბობს იგორ დელანოე და განმარტავს, რომ ანკარა და მოსკოვი ერთმანეთთან თანამშრომლობენ სტრატეგიულ სფეროებში - ვთქვათ, სირიის საკითხში, რომ არაფერი ვთქვათ ეკონომიკური ურთიერთობების მაღალ დონეზე.

 

რაც შეეხება კორვეტს, კაპიტანი თვლის, რომ „ოპერატიული თვალსაზრისით თურქებთან პრობლემები არ გვაქვს. ხელს არ გვიშლის ის ფაქტიც, რომ რეჯეფ ერდოღანსა და ემანუელ მაკრონს შორის გარკვეული დიპლომატიური დაძაბულობა არსებობს“. როგორც ცნობილია, ელისეის სასახლეში თვლიან, რომ თურქეთი მხარს არ უჭერს NATO-ს სხვა ქვეყნების „ჩარევას შავ ზღვაში“ უკრაინის კრიზისის გამო.

 

„განგაში დასრულებულია“ - ისმის ბრძანება, მიუხედავად იმისა, რომ ცაში მფრინავი ობიექტი მოჩანს. საზენიტო ტყვიამფრქვევისა და 20 მილიმეტრიანი ქვემეხის ლულა დაბლა ეშვება. მეზღვაურები ზემოთ იხედებიან, სადაც ვერტმფრენის გრუხუნი ისმის. „თურქეთისაა“, - ამბობს ზემდეგი, რომელიც კომპიუტერის ეკრანზე ამომცნობ ნიშნებს ამოწმებს. ოპერაციული ცენტრიდან დადასტურებაა: ვერტმფრენი თურქული ფრეგატის გემბანიდან აფრინდა ფრანგული კორვეტის შემოწმების მიზნით და იმის საჩვენებლად, რომ შავ ზღვაში რუსების გარდა, თურქებიც იმყოფებიან.

 

წყარო: https://www.lepoint.fr/monde/

 

სიმონ კილაძე

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner