logo_geo
eng_logo
ბიძინა დვალი: „ერთუცნობიანი კაზუსები“ უსუფაშვილებს
- +

8 დეკემბერი. 2019. 13:42

 

 

 

ერთი წუთით თვალები დავხუჭოთ და წარმოვიდგინოთ, რომ გადაწყდა და 2020 წლის არჩევნები ტარდება ე.წ. „უსუფაშვილის მოდელით“...

 

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნება“, ამ შემთხვევაში, მისთვის მეტად არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება. პარტიული ელიტის მნიშვნელოვან ნაწილს, არჩევნებში მაღალი პროცენტის მიღების პირობებშიც, დიდი ალბათობით, პარლამენტს მიღმა მოუწევს დარჩენა, რადგან სიის დიდი უმრავლესობა გამარჯვებული  მაჟორიტარების მიერ იქნება შევსებული. აღნიშნულის გამო, „ოცნება“, სავარაუდოდ, შეუდგება ახალი საარჩევნო სტრატეგიის შემუშავებას.

 

გავაკეთოთ ასეთი დაშვება (რეალობასთან მიახლოებული) - მმართველი პარტიის ლიდერები თავის მაჟორიტარებს, დიდი ბოდიშის მოხდით, განუცხადებენ, რომ მათთვის პრიორიტეტი პროპორციული არჩევნებია, სიაში ათ მაჟორიტარზე მეტისთვის ადგილი ვერ მოიძებნება, ამიტომ არ სურთ (არ აწყობთ) მაჟორიტარულ არჩევნებში კანდიდატების წარდგენა და შესთავაზებენ, რომ მათ ცალკე პარტია გააკეთონ, ან სხვა პარტიებს დაასახელებინონ თავი.

 

ბუნებრივია, სოლიდარობის ნიშნად, ის ათი მაჟორიტარიც კოლეგებთან ერთად დაიწყებს გამოსავლის ძებნას და ყველანი ერთად ზემოხსენებული ორი რჩევიდან ერთ-ერთზე ჩამოყალიბდებიან.

 

აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე:

 

კაზუსი - 1: არჩევნებში „ოცნებამ“ მიიღო „დანაპირები“ 60% (90 მანდატი); „მაჟორიტარების პარტიამ“ მოიგო 70 მაჟორიტარული ოლქი; დარჩენილი სამი მანდატი გადანაწილდა სხვა პარტიებზე; 3%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა (16%, 8%, 6%, 4%, 4%. შესაბამისად - 24+12+9+6+6 = 57 მანდატი).

 

კითხვა - როგორ გადაანაწილებდით კონსტიტუციით განსაზღვრულ 150 მანდატს?

 

არითმეტიკით რომ არ გაწვალდეთ, გეტყვით, რომ მოპოვებული მანდატების ჯამური რაოდენობაა - 217(!).

 

კაზუსი - 2: არჩევნებში „ოცნებამ“ მიიღო „დანაპირები“ 60% (90 მანდატი); მეორე და მესამე ადგილებზე გასულმა პარტიებმა მოიგეს ყველა მაჟორიტარული ოლქი (43+30 = 73 მანდატი); 3%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ სამმა საარჩევნო სუბიექტმა (6%, 4%, 4%. შესაბამისად - 9+6+6 = 21 მანდატი).

 

კითხვა - როგორ გადაანაწილებდით კონსტიტუციით განსაზღვრულ 150 მანდატს?

 

აქაც, არითმეტიკით რომ არ გაწვალდეთ, გეტყვით, რომ მოპოვებული მანდატების ჯამური რაოდენობაა - 184(!).

 

(შემოთავაზებული კაზუსების ანალოგიით კიდევ რამდენიმე კაზუსი მკითხველს შეუძლია თვითონ შეადგინოს.)

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, უსუფაშვილს, თავის ვაშაძიან, ნათელაშვილიან, ბურჯანაძიან, ხმალაძიან და სხვა „იურისტებიანად“ ორი თეორიული პასუხი შეიძლება ჰქონდეთ:

 

1) ვინაიდან მაჟორიტარულ მანდატებს ვერ შევკვეცთ, რადგან „73“ კონსტიტუციით არის მკაცრად განსაზღვრული (ამას უსუფაშვილიც აღიარებს), პროპორციულ სიებს (ესეც კონსტიტუციით მკაცრად არის განსაზღვრული, მაგრამ, მოდით, უსუფაშვილს ვენდოთ და დავუშვათ, რომ - არ არის) უნდა შევუკრიჭოთ ბოლოები;

 

2) ასეთი რამ არ მოხდება(?).

 

დასკვნა - 1 (პირველი სავარაუდო პასუხის შემთხვევაში): „28 პარტია“, თავის „პატრიოტთა ალიანსიანად“, პროპორციულ არჩევნებს საპარლამენტო მანდატების ვითომდა „სამართლიანი გადანაწილებისთვის“ რომ ითხოვენ, იმ ყველაზე არასამართლიანი გადაწყვეტილების მიღების წინაშე დააყენებენ ქვეყანას, რაც კი  ჩვენს რეალობაში ადამიანის („რესპუბლიკელის“) გონებამ შეიძლება მოიფიქროს. როგორ წარმოგიდგენია, მშვიდობისა და სტაბილურობის მოსურნე ქართველო ამომრჩეველო, ხუთი ან ექვსი პარტიისთვის წვალებით მოპოვებული, ჯამში 34-დან 67-მდე მანდატის (მცირე მეტ-ნაკლებობით) „აწაპვნა“, ან „ახევა“ (სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ)?

 

დასკვნა - 2 (მეორე სავარაუდო პასუხის შემთხვევაში): კანონის, მითუმეტეს - კონსტიტუციის, „ასეთი რამ არ მოხდება“-თი ახსნა არაკვალიფიციურობის, უფრო მეტიც - უვიცობის ნიშანია.

 

ზოგადად, კონსტიტუციური რედაქცია არ შეიძლება ინტერპრეტაციებს დაექვემდებაროს. ყველა მუხლი, ყველა დებულება პირდაპირი მნიშვნელობით უნდა წავიკითხოთ, თორემ მუდმივად ისეთ ქაოსში ვიცურავებთ, რომლის შექმნასაც დღეს ცდილობს ე.წ. ოპოზიცია; არ შეიძლება, ერთი და იგივე ჩანაწერი შერეულ სისტემასაც გულისხმობდეს და სახელობით-პროპორციულსაც. რაც შეეხება „მოხდება-არმოხდებას“ თემას... სწორედაც ის მოხდება, რაზედაც ზემოთ ვსაუბრობდი, ან რაღაც მსგავსი, რადგან, თუ საქმე აქამდე მივა, „ოცნებისთვის“ ეს იქნება შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე რაციონალური და იმავე დროს, მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებული გამოსავალი;

 

მთავარი დასკვნა (1) - ე.წ. „უსუფაშვილის მოდელი“ არათუ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ კონცეპტუალურ წინააღმდეგობაშია, არსობრივად ებრძვის მას.

 

მთავარი დასკვნა (2) - ე.წ. „უსუფაშვილის მოდელი“ საქართველოს კონსტიტუციასთან რომც მოდიოდეს შესაბამისობაში (დავუშვათ), ის იქნება პოლიტიკური ვითარების გაუარესებისკენ გადადგმული ნაბიჯი, რადგან არანაირად არ შეესაბამება ქართულ რეალობას, რადგან ჩვენ წინაში არსებული ორი მთავარი მიზნის - „სამართლიანი არჩევნების“ და „პარტიული სისტემის გაძლიერების“ - ინტერესებს არ პასუხობს.  

 

ე.წ. ოპოზიციის გეგმის პოლიტიკური შეფასება - გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საპროტესტო აქციების დაწყება ძალიან იოლი საქმეა, მაგრამ აქციების მასშტაბების თანმიმდევრული ზრდა („აგორება“) და გრძელვადიანში გადაყვანა - რთული. კიდევ უფრო რთულია აქციების დასრულება, განსაკუთრებით მაშინ, როცა კონკრეტული შედეგი არ გიჭირავს ხელში. დღეს მიმდინარე აქციებიდან მისი ორგანიზატორებისთვის ღირსეული გამოსავალი არ ჩანს. ამიტომ ერთგვარი იძულების წინაშე დგანან, დრო გაწელონ, იმის იმედით, რომ იქნებ სადმე რაიმე ხავსის მაგვარს ჩაჭიდონ ხელი.

ეუთოში „უსტარს“, ალბათ, მათივე „მსტოვრებიც“ მიჰყვებიან, საქმის „გაიმასქნების“ მიზნით. უნდა ვივარაუდოთ, ნაცრეჟიმის პარტიებს, როგორც აქამდე (არაერთხელ) მიუღიათ ქვეყნის დამაზიანებელი მხარდაჭერა, ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის, ენ-დი-აის, აი-ერ-აისა და სხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური ლობისტების მხრიდან, ასეთივე რაღაც ქვედინებები ამ პროცესშიც ექნებათ გამოყენებული. არ უნდა დაგვავიწყდეს ამ ორგანიზაციაში გიგი წერეთლის გავლენებიც... აი, ბატონებო და ქალბატონებო, ის „ხავსები“, რაზედაც წინა აბზაცში მქონდა საუბარი.

 

ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მთავარ გზავნილად უნდა დარჩეს - „თემა დახურულია“ - მორჩა და გათავდა. სხვანაირად იწილო-ბიწილო არ დასრულდება. 

 

ბიძინა  დვალი

07.12.2019

 

P.S. - ქართველი „რესპუბლიკელების“ დროში მოზაიკურად გაბნეული, უწყვეტი და მარად უშედეგო აქტივობები ყოველთვის ერთ კარგ ქართულ ზღაპარს, „მუჭანახევარას“ და მის უიღბლო პერსონაჟს მაგონებს ხოლმე. საწყალი და საცოდავი მუჭანახევარა მუდმივად ლანძღვა-გინებისა და ცემა-ტყეპის ობიექტია, რადგან არ იცის და ვერც სწავლობს, სათქმელს როგორ შეურჩიოს დრო და ადგილი...

 

მუჭანახევარას მიმართ უსამართლო ვიქნები, თუ არ ვიტყვი, რომ „ჩვენი“ „რესპუბლიკელებისგან“ განსხვავებით, ყველა ეპიზოდში ის თანაგრძნობასა და სიბრალულს იმსახურებს, რადგან უბოროტო, ვიმეორებ - უბოროტო ბრიყვია. ესენი კი...         

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner