შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული ბ.ც. დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიძეს - 1996 წელს დაბადებულ ვ.ჭ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ვ.ჭ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცული შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ასევე, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები საქმეში არსებული სხვა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების დადგენა-გამოკვეთის მიზნით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.