„ყველას შეუძლია იმსჯელოს პოლიციელთა მხრიდან ქმედებებში რაიმე უკანონობაზე, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი „ნაციონალური მოძრაობისა“ და ადვოკატთა ნაწილის მიერ იურისტთა ჯგუფების შექმნის საკითხს.
როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, პოლიციელების მხრიდან გადაცდომა ბოლო შემთხვევების გავითვალისწინებთ მას არ დაუნახავს.
„დამოუკიდებელი ჯგუფების შექმნის უფლება ყველას აქვს. ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანება იქნება, თუ არაპოლიტიკური ბუნებრივია, ყველას შეუძლია იმსჯელოს პოლიციელთა მხრიდან ქმედებებში რაიმე უკანონობაზე, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. მთავარი არის ის, რომ შემთხვევები, როდესაც დემონსტრანტები ცდილობდნენ პარლამენტის ფუნქციონირებისათვის ხელი შეეშალათ, პოლიცია ასეთ შემთხვევაში ასრულებდა თავის ვალდებულებას. პოლიციელის მხრიდან მოქმედება იყო, ჩემი შეფასებით, სრულიად პროპორციული იმისა, თუ რა გამოწვევაც იყო იმ მომენტში. ასე რომ, პოლიციელების მხრიდან რაიმე გადაცდომა ამ ბოლო შემთხვევებს თუ გავითვალისწინებთ, მე ვერანაირად ვერ დავინახე, თუმცა ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია, იმსჯელოს ამ საკითხზე. ამაში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
თბილისში ადვოკატების ნაწილმა იურიდიული დახმარების ჯგუფი შექმნეს. ჯგუფის წევრების თქმით, 20 ივნისიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე იმ სამართალდამცველებსა და საჯარო მოხელეებს გამოავლენენ, რომლებიც აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობდნენ. იურისტთა ჯგუფი შეიქმნა ასევე აჭარაში.