ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პოლიცია სასამართლოს განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს 12 ობიექტზე, სადაც ე.წ. მასაჟის სალონებია განთავსებული.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობას გულისხმობს.
„მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 12 ობიექტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით, რაც გულისხმობს პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ჭედიშვილმა.
ობიექტების თანამშრომლებს გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანენ.